მისი თქმით, კოალიცია სამ გუნდადაა გაყოფილი, ხოლო პოლიტიკოსების ნაწილი ინტრიგების ხლართვითაა გართული. გთავაზობთ მის მიერ „გურია ნიუსისთვის” გამოგზავნილ ღია წერილს, რომლითაც ოთხმეზური საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართავს: “ამ წერილის დაწერა თქვენს ერთ-ერთ “წვიმის მეგობარს” ლანჩხუთის რაიონში შექმნილმა განსაკუთრებით მწვავე პოლიტიკურმა სიტუაციამ მაიძულა.
მას შემდეგ, რაც არჩევნებში სამართლიანი გამარჯვება მოვიპოვეთ (თავად მე კოორდინატორი გახლდით), გაგვიჩნდა იმედი, რომ რაიონის ხელმძღვანელ ორგანოებში პროფესიონალი, ზნეობრივად პატიოსანი და კეთილშობილი ადამიანები დაიმკვიდრებდნენ ადგილს. არჩევნებიდან სულ მცირე ხანში, პირადი ოჯახური პრობლემისგან გამომდინარე, სამწუხაროდ, სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. ყოფითი პრობლემების გამო, დედაჩემმა მიიღო მიოკარდიის მწვავე ინფარქტი, რის გამოც გადავიყვანეთ ბათუმში კლინიკა “მედინაში”, სადაც გაუკეთდა კორონოგრაფია _ მარჯვენა კორონალური არტერიის სტენდირება.
უკიდურესმა მატერიალურმა მდგომარეობამ მაიძულა ხელფასის მოთხოვნით მიმემართა დეპუტატის ბიუროსთვის. აღმაშფოთა იმ გულგრილობამ, რაც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი გეგიაძემ და მისმა მოადგილემ გია მაჭარაშვილმა, რომელიც დეპუტატის ცოლისძმა გახლავთ, გამოიჩინეს. მინდა შეგახსენოთ მისი პოლიტიკური წარსული: გ. მაჭარაშვილი ლანჩხუთში “ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი იყო. იმის გამო, რომ იგი ამხილეს მიხეილ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების დარბევაში, იგი პარტიიდან გარიცხეს.
ისინი სამსახურში დაგვიანებით, 11 საათზე მოვიდნენ. ჩემთან შეხვედრის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ დამხმარებოდნენ პრობლემის მოგვარებაში, აქცენტი გადაიტანეს “ქართული ოცნების” ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის და მისი თანაპარტიელების ლანძღვა-გინებაზე. აგრეთვე, საუბრობდნენ პარტიის ოფისის დახურვაზე და ავეჯის გადატანაზე.
აქვე მინდა ჩემი და ფართო საზოგადოების მოსაზრება გაგიზიაროთ კოალიციის ლიდერზე ბატონ სოსო ბოლქვაძეზე. იგი გახლავთ ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული პიროვნება, რის გამოც, ხალხის სიყვარულით სარგებლობს. მას გუნდიც ღირსეული ადამიანებით ჰყავს დაკომპლექტებული. აქვე დავამატებ, რომ ლანჩხუთის საზოგადოების აზრით, თითოეული მათგანი გამგებლობის შესანიშნავი კანდიდატი იქნებოდა.
სამწუხაროდ, კოალიციაში გამოიკვეთა სამი დაჯგუფება: თავად სოსო ბოლქვაძის; მაჟორიტარი დეპუტატის ნათესავებით დაკომპლექტებული “ღირშესანიშნავი” ბიურო და “რესპუბლიკელების” ლიდერის რომან ბიწაძის გუნდი. ამ გუნდის ფავორიტი და გამგებლობის კანდიდატი გახლავთ დავით ჩხაიძე, რომელიც ნაკლებად გამორჩეული სახეა, სოსო ბოლქვაძის, ვახტანგ ზენაიშვილის, ნუგზარ ცინცაძის და სხვათა ფონზე.
ლანჩხუთის პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული მდგომარეობა მეტად სავალალოა. საზოგადოება ელის სასიკეთო ცვლილებებს. ვშიშობ, საკადრო პოლიტიკაში დაშვებულმა შეცდომებმა უკუშედეგი არ გამოიღოს, რითაც, პირველ რიგში, ჩვენ, ისედაც ტრავმირებული საზოგადოება დავზარალდებით.
ბატონო ბიძინა, მოგმართავთ თხოვნით: იმისთვის, რომ შეირჩეს თქვენი პოლიტიკური კურსის სწორად გამტარებელი და არ მოხდეს ჯანსაღი ძალების სრული დისკრედიტაცია, მოავლინოთ ლანჩხუთში თქვენი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც შეისწავლის არსებულ მწვავე სიტუაციას და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს”.
ლანჩხუთში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ შიმშილობა დაიწყო კოალიციის ყოფილმა აქტივისტმა შოთა ფირცხალაიშვილმა. ეს მისი პირადი ინიციატივა იყო და როგორც თავადვე აცხადებდა, არაფერი ჰქონდა საერთო კოალიციის მიზნებთან. მეორე დღესვე მას მხარდაჭერა გამოუცხადა “რესპუბლიკური პარტიის” ადგილობრივმა ლიდერმა რომან ბიწაძემ. კოალიციის სხვა ლიდერები ამ აქციას არ გამოხმაურებიან.
შიმშილობიდან მესამე დღეს ფირცხალაიშვილი ავად გახდა და აქცია შეწყვიტა. მაგრამ, ამჯერად მოვლენების ეპიცენტრში კოალიციის ე. წ. ახალგაზრდული ფრთა მოექცა. მისი წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კახა ასკურავას მისამართით პირადად ჰქონდათ პრეტენზიები. რესპონდენტები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ამ ახალგაზრდებს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი იყენებდა საკუთარი მიზნების გასახორციელებლად. იგულისხმება გამგებლობის კანდიდატის დავით ჩხაიძის გუნდი, რომლის ძმისშვილი ამ ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტი იყო.
ამ მოვლენების პარალელურად, კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბმა მუშაობა დაასრულა და დაიშალა. შენობაში, სადაც შტაბი იყო განთავსებული, მხოლოდ ორი პარტიის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” და “თავისუფალი დემოკრატების” ოფისები დარჩა. როგორც “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე სოსო ბოლქვაძე ამბობს, სახლის პატრონმა მათ დროებით უსასყიდლოდ დაუთმო ფართი. კოალიციის ოფისში არსებული უძრავი ქონების ნაწილი, კერძოდ, ძვირადღირებული აპარატურა გადაიტანეს და უფრო დაცულ შენობაში შეინახეს.
პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე ამბობს, რომ ავეჯი კომპანია “ელიტა ბურჯს” ეკუთვნის. სახლის მეორე სართული დაკეტეს, ხოლო ავეჯი -10 მაგიდა, 7 ტუმბო, 2 კარადა და 35 სკამი შენობის პირველ სართულზე ინახება. სანამ იმუშავებს პარტიის ოფისი, ავეჯი აქ იქნება.
რა პრეტენზია გააჩნიათ კოალიციის კუთვნილ ქონებაზე დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებს, ჩვენ ვერ გავარკვიეთ. ბიუროს ხელმძღვანელი გოგი გეგიაძე სამსახურში არ იმყოფებოდა. მასთან დაკავშირება ვერც მობილურ ტელეფონზე მოვახერხეთ.
“რესპუბლიკელი” რომან ბიწაძე ამბობს, რომ არ შეიძლება გია მაჭარაშვილს კოალიციის კუთვნილ ქონებაზე რაიმე პრეტენზია ჰქონდეს. “მე მაქვს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც პარტიის ოფისში გადმომცეს 3 მარტს. ამ აქტით, კოალიციის კუთვნილ ქონებაში აღირიცხება ტელევიზორი, 2 კომპიუტერი, ქსეროქსი, მაგთიფიქსის აპარატი, მაგთის ინტერნეტმოდემი, 3 ელექტროღუმელი, 2 ელქტროდამაგრძელებელი და 30 სკამი. ამ ქონებაზე მე ვარ პასუხისმგებელი. ავეჯი კი ეკუთვნის “ელიტა ბურჯს”. საერთოდ მაინტერესებს, რატომ უჩნდებათ პრეტენზიები ამ ქონებასთან დაკავშირებით? გია მაჭარაშვილს მინდა ვკითხო, რა უქნა პატარკაციშვილის შტაბიდან მიღებულ კომპიუტერს? ხომ უდგას ახლაც სახლში? ხოდა, ახლა თავი დაანებოს სხვის ქონებაში ხელების ფათურს.”
რაც შეეხება ლანჩხუთში არსებულ სამ პოლიტიკურ დაჯგუფებას: ბიწაძე ამბობს, რომ იგი კოალიციას არ გამოყოფია: “კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობა დემოკრატიის მაღალი სტანდარტის მაჩვენებელია. მე არ მიმაჩნია, რომ სამი დაჯგუფება არსებობს. მეორე დაჯგუფებად ჩავთვალოთ დეპუტატის ბიურო. მან მხარედ თავი მაშინ დააფიქსირა, როცა დეპუტატობის კანდიდატის ინიციატივით, საარჩევნო შტაბის ხელმაძღვანელობიდან გაათავისუფლა სოსო ბოლქვაძე. მათი პოზიცია სირაქლემას პოზაში ყოფნას ჰგავს. ჩვენ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, შტაბი რომ არ დავშალეთ.
მე აქ ახლა იმიტომ ვარ, რომ იგივე არ მოხდეს, რაც ხდება მარტვილში. პოლიტიკური კულტურა ჩვენ ყოველთვის გვქონდა და არ მინდა ასეთი მავნე რაღაცეები წახალისებული იყოს ლანჩხუთში.”
შევეცადეთ მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ჩხაიძის პოზიციაც დაგვეფიქსირებინა. წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატი ხშირად ამბობდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, არც ტელეფონის ნომრის შეცვლას და არც ზარების უპასუხოდ დატოვებას არ აპირებდა. მაგრამ დეპუტატს ჩვენს ხელთ არსებული ორივე ნომერი გამორთული ჰქონდა მთელი საღამოს განმავლობაში, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩხაიძე აუცილებლად შეგვეხმიანება.