აღმოჩნდა, რომ ჰეროინისა და სუბოტექსზე ხელმისაწვდომობის შემცირებამ თვითნაკეთი ნარკოტიკების მოხმარება გაზარდა. საგრძნობლად გაიზარდა ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება, რადგან ხელოვნური ნარკოტიკი სწორედ ამ პრეპარატებზე ალკოჰოლის დამატებით მიიღება. ქართველ ნარკომომხმარებლებში ახალი ტენდენცია _ ალკოჰოლის მოხმარება დაფიქსირდა. “ბემონის”ხელმძღვანელის თამარ სირბილაძის თქმით, ამდენი ალკოჰოლის მომხმარებელი ნარკომანი საქართველოში არასოდეს ყოფილა.
ჯერჯერობით, გადაუჭრელ პრობლემად რჩება პირველადი პრევენციის არარსებობა, თუმცა, როგორც ირკვევა, სკოლებში ბიოლოგიის კურსის ფარგლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის სწავლება იგეგმება.
კონფერენციის მონაწილეებმა სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს არასაკმარის დაფინანსებაზეც გაამახვილეს ყურადღება და შედარებისთვის სხვადასხვა ქვეყნების მაგალითი მოიყვანეს. ფინეთში, რომელსაც საქართველოს მსგავსად, დაახლოებით, 5 მილიონი მოსახლე ჰყავს, ნარკომანიის პრობლემების მოსაგვარებლად 26 მილიონი დოლარია გამოყოფილი. საქართველოს ბიუჯეტიდან წელს გამოყოფილი 2 მილიონი ლარი ძირითადად მშენებლობას, დეტოქსიკაციის პროგრამას ( 24 ადამიანის მკურნალობა თვეში) და მეთადონის ჩანაცვლებით პროგრამას მოხმარდა.
დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ნარკომომხმარებელთა მკურნალობა _ ქვეყანაში მხოლოდ ზიანის შემცირების პროგრამა მუშაობს, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, თვეში მხოლოდ 24 ადამიანზეა გათვლილი.
თამარ სირბილაძე, როგორც ნარკომანიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი ავტორი, თვლის, რომ ნარკომომხმარებელი სისხლის სამართლის წესით არ უნდა ისჯებოდეს. მას იმედი აქვს, რომ ახალი პარლამენტი მის მოსაზრებას გაიზიარებს და აღნიშნულ დარღვევას მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში მოაქცევს.
“მიგვაჩნია, რომ რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლისამართლის პოლიტიკა დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს, თუმცა, ამავე დროს ვფიქრობ, რომ ჯარიმის საერთოდ მოხსნა გამართლებული არ არის. ჩვენ ხომ მხოლოდ ნარკოდამოკიდებულებზე არ ვსაუბრობთ, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ. არსებობს ისეთი მომხმარებელი, ვისაც ჯერ დაავადება არ ჩამოყალიბებია და მისთვის ეს ჯარიმა გარკვეული პრევენციაა. დღევანდელ სიტუაციაში მთლიანად რეგულაციის მოხსნა ძალიან საშიშია,” _ ამბობს თამარ სირბილაძე “გურია ნიუსთან” საუბარში.
: