ეს არის საქმე რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ წავა საქართველოში მომავალში საქმე, გვექნება თუ არა თავისუფალი მედია და იქნება თუ არა ამ ქვეყანაში თავისუფლება,” _ განაცხადა ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციაზე მისულმა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ 2007 წელს ტელეკომპანია “იმედის” დარბევა, მედიაზე გახორციელებული ზეწოლა იყო, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ წარსულში ქექვა და წარსული მაგალითებით დღევანდელი მოვლენების გამართლება ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს: “იმედში” რაც მოხდა, ძალიან ცუდია და მე ეს არასდროს დამიმალავს, მაგრამ მაშინ იყო სხვა დრო, სხვა კონტექსტი და სხვა რეალობა. თუ ოდესმე რამე ცუდი მომხდარა, ეს არ უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ დღეს უარესი გაკეთდეს. გამართლება იმის, რომ აი, დღეს ჩვენ რაღაცას ცუდად გავაკეთებთ იმიტომ, რომ 10 წლის წინ რაღაც არ მოგვწონდა, ეს არ არის არგუმენტი. 20 წლის წინ ჩვენ ყველა ავტომატებით დავრბოდით და ვისროდით. არის ეს იმის საფუძველი, რომ დღეს ყველამ ავტომატები ავიღოთ და ვისროლოთ? ამიტომ, თუ უკან ვიყურეთ და გამართლება ვეძიეთ წარსულში, ვერასდროს ვერ წავალთ წინ,” _ განაცხადა დავით ბაქრაძემ “გურია ნიუსთან”.
მისი თქმით, ამ ეტაპზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დროებით თავს იკავებს გეგმიურ საპარლამენტო მუშაობაზე: “დროებით თავს შევიკავებთ, მაგრამ ეს არ არის პარლამენტის ბოიკოტი _ ჩვენ ვრჩებით პოლიტიკური მუშაობის რეჟიმში და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს პარლამენტთან დაკავშირებით ამ დღეებში მივიღებთ.”