დელეგაცია, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის ინდრეკ სირპის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან დოლიძემ მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ნარდაია და სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებასაც. ლევან დოლიძემ ესტონელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ესტონეთში, ქალაქ ტარტუში მდებარე ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ სტუმრებს ესტონელი სამხედროების საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში 2013 წელს კურსების გავლა შესთავაზა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს (NAMშA) მიერ განხორციელებულ პროექტში „საქართველო III” ესტონეთის ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჰუმანიტარული განაღმვის სფეროშო, საინჟინრო ასეულის წვრთნასა და აღჭურვას ითვალისწინებდა.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2013 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ნარდაიამ და მისმა ესტონელმა კოლეგამ, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ინდრეკ სირპმა მოაწერეს.