პირველადი მონაცემები იმის შესახებ, რა სახის დარღვევები იქნა აღმოჩენილი აუდიტის სამსახურში, მალე გახდება ცნობილი. აუდიტის სამსახურის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია პირველ დეკემბერს შეიქმნა, რაც პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით იყო გაწერილი. როგორც კომისიის თავმჯდომარე, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, იყო ერთი აცდენა:
“რეგლამენტით განსაზღვრული იყო, რომ პარლამენტი ამოწმებდა კონტროლის პალატის საქმიანობას, შემდგომ, 2009 წლიდან ახალი კანონი მიიღეს აუდიტის სამსახურის შესახებ, გაუქმდა კონტროლის პალატის შესახებ კანონი და შეიცვალა ფორმულირება. ახალი ფორმულირების თანახმად, საპარლამენტო კომისიას ევალებოდა კონტროლის პალატის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის შესწავლა. 1 დეკემბერს შექმნილ კომისიასაც ეს ვალდებულება ჰქონდა, მაგრამ მუშაობის პროცესში, მე და დავით ონოფრიშვილმა კანონში ცვლილების შეტანის ინიცირება გავაკეთეთ და ზუსტი ფორმულირების შედეგად დადგინდა, რომ მოხდება აუდიტის სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო, სამართლებრივ-ორგანიზაციული, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემოწმება.
_ ბატონო ნოდარ, შემოწმების პერიოდად აღებულია 2012 წელი, რაც ასევე რეგლამენტითაა გათვალისწინებული. ამ წელს, აუდიტის სამსახურმა საზოგადოებას თავი ყველაზე მეტად დაამახსოვრა შემომწირველთა მიმართ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებებით, მხედველობაში მყავს ოპოზიციური პარტიების შემომწირველები. მოხდება თუ არა შემოწმება ამ მიმართულებით?
_ თქვენს მიერ აღნიშნულმა ფაქტმა მძიმე დღეში ჩააგდო თვითონ აუდიტის სამსახური და მისი იმიჯი მკვეთრად დასცა საზოგადოების თვალში. მოხდება ყველაფრის შემოწმება, რაც რეგლამენტითაა გათვალისწინებული. კომისიის შემადგენლობაში ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები შედიან, რომლებიც კონტროლის პალატაში მუშაობდნენ. ამიტომ, ინტელქტუალური რესურსი იმისა, რომ შემოწმება ზედმიწევნით კარგად ჩატარდება და შესაბამისი დოკუმენტი დაიდება, ნამდვილად გვაქვს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს ჯგუფი რეალური სურათის დადებას მოახერხებს და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. შესწავლილი იქნება ის საქმიანობაც, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური პარტიების ფინანსურ მონიტორინგს.
_ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით კონტროლის პალატაში, როგორ ფიქრობთ, საერთოდ იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება, როდესაც პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგი ამ სამსახურს დაევალა?
_ ერთი საკითხია, რამდენად სწორი იყო ამ ტვირთის მინდობა აუდიტის სამსახურისთვის, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ჩვენი განხილვის საგანს არ წარმოადგენს. მაგრამ ჩვენი განსჯის თემა აუცილებლად იქნება, რამდენად ასრულებდა კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს აუდიტის სამსახური.
_ თქვენ მოგიწევთ იმ პერიოდის შესწავლა, როდესაც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი იყო თქვენი კოლეგა უმცირესობიდან ლევან ბეჟაშვილი, რომლის საქმიანობის შესახებ მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იმ დროს ოპოზიციაში მყოფი თქვენი კოლეგებისგანაც არაერთი უარყოფითი შეფასება კეთდებოდა. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
_ ფაქტია, რომ ამ სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი ლევანი იყო. ჩვენი დისკუსია უმცირესობასთან აუდიტის სამსახურის გარშემო, რომელშიც ბატონი ლევანი მონაწილეობას არ იღებდა, არ დასულა რომელიმე პერსონის საკითხამდე. ბუნებრივია, ჩვენ უნდა დავდოთ დასკვნა და თუ იქ აღმოჩნდება გარკვეული სახის დარღვევა ადმინისტრაციის მხრიდან, ფაქტია, რომ იმ დროს ბატონი ბეჟაშვილი გახლდათ ხელმძღვანელი. თუმცა, ჩვენ ვსწავლობთ აუდიტის სამსახურის საქმიანობას 2012 წელს და ეს არ გახლავთ რომელიმე პერსონას მიბმული შემოწმება. თუ სამსახურის საქმიანობაში რაიმე დარღვევა აღმოჩნდება, მერე გაირკვევა კონკრეტული პერსონების საკითხიც. სანამ მასალები არ დაიდება, მანამ კონკრეტული განცხადების გაკეთება არ შეგვიძლია.
_ ბატონო ნოდარ, მოხდება თუ არა შემოწმებულ ობიექტებზე შედგენილი აქტების გადამოწმება? “გურია ნიუსი” დიდი ხანია აუდიტის სამსახურში მიმდინარე მოვლენებზე წერს. ჩვენი რესპონდენტები, საკმაოდ სანდო წყაროები, აუდიტის სამსახურის ყოფილი თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ სამსახურის მხრიდან, რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა სერიოზულ გადაცდომებს. მაგალითად საერთო სასამართლოების აუდიტის შემოწმების შემდეგ, მათ სხვა, გასწორებული დოკუმენტაცია მიუტანეს ხელმოსაწერად, რაზეც უარი განაცხადეს. აპირებთ მსგავსი ფაქტების შესწავლას?
_ რაც თქვენ ბრძანეთ, ეგ ძალიან საინტერესო თემაა. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, რომ ჩვენი კომისიის პრეროგატივა არ არის უკვე შემოწმებული ობიექტის თავიდან შემოწმება, მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ, თუ ეგ დადგინდა და ვინმემ მსგავსი ფაქტი დაადასტურა, ჩვენ შეგვიძლია მასალების გამოთხოვა და ქმედებების განხორციელება უკვე არა კომისიის ფარგლებში. კომისიის ფარგლებში უბრალოდ ვერ გავაკეთებთ შემოწმებულის თავიდან შემოწმებას.
მაგრამ ნამდვილად ბევრი კითხვაა, რომელიც ითხოვს პასუხის გაცემას და რაც ჩვენი შემოწმების არეალში მოხვდება.