წულუკიანის განცხადებით, საქართველოში ნოტარიუსი უკანონო ქმედებას არავის დავალებით აღარ ჩაიდენს.
_ „ნოტარიუსი ჩვენი ქვეყნის მოქალაქის სანდო და მიუკერძოებელი მსახური უნდა იყოს. ეს არის მთავარი პრინციპი, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოთ. წარსულს ჩაბარდა ის მანკიერი დრო, როცა მოქალაქეებს აიძულებდნენ ქონება საკუთარი ნების წინააღმდეგ გაესხვისებინათ და ამას შუა ღამისას ნოტარიუსი აკანონებდა. გარდა ამისა, დაიწყო გეგმიური და სისტემატური შემოწმებები, რომ უკანონობის ჩამდენი ნოტარიუსები გამოვლინდნენ და გათავისუფლდნენ” _ განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, მინისტრმა სისტემაში სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე, სიახლეებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა. თეა წულუკიანმა ნოტარიუსებს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივები და მიზნები გააცნო. იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტი მაღალმთიანი და დაბალშემოსავლიანი რეგიონების მოსახლეობისთვის სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობაა. მინისტრის განცხადებით, დაწესდება გარკვეული შეღავათები, რათა ყველა იმ რეგიონში, სადაც ამჟამად სანოტარო ბიურო არ მოქმედებს, ნოტარიუსებს მუშაობის სურვილი და მოტივაცია გაუჩნდეთ. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში უკვე მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ამა წლის გაზაფხულზე დაინიშნება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და სტაჟირება. ნოტარიუსთა პალატა მაღლამთაინ რეგიონებში ნოტარიუსობის კანდიდატებს დაეხმარება სწავლის ხარჯების გაწევაში და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მათ სანოტარო ბიუროს მოწყობასა და სანოტარო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში. გარდა ამისა იგეგმება ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონში მთელი რიგი ცვლილებების შეტანა.
შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა აღნიშნულ სიახლეებთან დაკავშირებით ნოტარიუსთა მოსაზრებები და წინადადებებიც მოისმინა.