, რომელსაც “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“უპირველეს ყოვლისა გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური სომხებისა და საქართველოში სომეხთა ეპარქიის მიმართ. მრავალეთნიკურობა და მრავალკონფესიურობა არის ის ქვაკუთხედი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერე და თავისუფლება ეფუძნება.
საქართველოს პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკური გუნდის ხედვა ჩვენი ქვეყნის მრავალეთნიკურ ერთიანობას ეფუძნება, რაც სამოქალაქო იდენტობაზე დამყარებული, თავისუფალი საზოგადოების ფუნდამენტია. ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა და რწმენისა, თანასწორია და ერთნაირად არის მისი თანამესაკუთრე.
საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს ის სამაგალითო თავდადება, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, ახალი საქართველოს მშენებლობაში ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს გამოუჩენიათ.
ქართული საზოგადოებისათვის ასევე ცნობილია, რომ საქართველოში იყვნენ და დღესაც არიან პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ პერსპექტივას ყოველგვარი ფობიების, მათ შორის, არმენოფობიის გაღვივებაზე აგებენ. საქართველოს პრეზიდენტს არაერთგზის განუცხადებია, რომ ამგვარი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და წარსულს უნდა ჩაბარდეს.
ამ ფონზე გაკვირვებას იწვევს საქართველოში სომეხთა ეპარქიის ბოლო განცხადება, რომელიც საქართველოს მოქალაქის ვაჰაგან ჩახალიანის ციხიდან გათავისუფლებას უკავშირდება. საქართველოს პრეზიდენტმა თავის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა , რომ ჩახალიანის ეთნიკურ წარმოშობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საქმე ეხება საქართველოს მოქალაქის მიერ განხორციელებულ კრიმინალურ ქმედებებს.
ქვეყნის პრეზიდენტმა არაერთხელ გამოხატა თავისი კატეგორიულად უარყოფითი დამოკიდებულება განხორციელებული ამნისტიისა და განსაკუთრებით, რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლების მიმართ, რომელთა შორის დიდი უმრავლესობა ეთნიკური ქართველია.
ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ გათავისუფლებულ პირებს შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც გასამართლებული იყვნენ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და სხვა მძიმე დანაშაულებისათვის (ასეთები არიან იური სკრილნიკოვი, არმენ გევორქიანი) და რომელთა გათავისუფლებასაც რუსეთის ფედერაცია დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.
საქართველოს დღევანდელ მთავრობას არც კი უცდია უცხო ქვეყნის ჯაშუშების საქართველოს იმ მოქალაქეებზე გაცვლა, რომლებიც ჯაშუშობის ყალბი, ან შეთითხნილი ბრალდებებით რუსეთის ციხეებში იხდიან სასჯელს.
გაუგებარია ის რეაქცია, რომელიც ამ პოლიტიკურ პოზიციასთან დაკავშირებით საქართველოში სომხეთის ეკლესიის ეპარქიის ხელმძღვანელობამ გამოხატა. გაუგებარია, რატომ გახდა კონკრეტული დამნაშავეების, რუსეთის ფედერაციის ჯაშუშების გათავისუფლების ფაქტი და საქართველოს ახალი მთავრობის საფუძვლიანი კრიტიკა ასეთი პოლიტიზირებული განცხადების მოტივი ეპარქიის ხელმძღვანელთა მხრიდან.
ვიმედოვნებთ, რომ ეს გაუგებრობა არაინფორმირებულობით იყო გამოწვეული,” _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.