შეხვედრაზე საუბარი გაიმართა საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ორ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე და საქართველოს ხელისუფლების სამომავლო გეგმებზე.
დავით უსუფაშვილმა დელეგაციის წევრებს განუცხადა, რომ მალე შეიქმნება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ფუნდამენტურ საკითხებზე იმუშავებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ კომისიის მუშაობაში ჩართულები იქნებიან არა მარტო საპარლამენტო, არამედ პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური ძალები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და თავად ვენეციის კომისიის წარმომადგენლები.
დავით უსუფაშვილმა სტუმრებს ასევე განუცხადა, რომ მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება რაზეც ხელისუფლება მუშაობის დაწყებას აპირებს საარჩევნო თემებია. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით უკვე თებერვლის დასაწყისში პარლამენტში ოფიციალურად ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნება, რომლის მუშაობაშიც ასევე ვენეციის კომისია იქნება ჩართული.
“მე გამოვთქვი ახალი ხელისუფლების, ახალი მთავრობის და ახალი პარლამენტის სრული მზადყოფნა, რომ ვენეციის კომისიასთან ვიმუშავებთ ძალიან მჭიდროდ, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მოვისმენთ მათ რეკომენდაციებს. მე დავპირდი, რომ დამთავრდება ის პრაქტიკა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებებს იღებდა ვენეციის კომისიის დასკვნის მიღებამდე”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. დავით უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებები მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც მიღებული იქნება ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა