კონფერენციას ესწრებოდნენ დელეგატები სამტრედიიდან, სენაკიდან, მარტვილიდან.
კონფერენციაზე აირჩიეს ფილიალის ახალი თავმჯდომარე – გიორგი საბაშვილი.
გია ბოკუჩავა, კავშირის თავმჯდომარე: “დღეს ჩატარდა აბაშის ფილიალის პირველი კონფერენცია და რადგანაც, წინანდელ თავმჯდომარეს, ალეკო მუჯირს, ჯანმრთელობის გამო, აღარ შეეძლო მუშაობის გაგრძელება, ავირჩიეთ ახალი თავმჯდომარე გიორგი საბაშვილი. დღესვე აირჩა გამგეობის წევრები. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა ძალასთან, რომელიც კონსტრუქციული იქნება ქვეყნისთვის, ერისთვის სასიკეთო საქმეებს გააკეთებს და არ დაკარგავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეროვნული ძალები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით დსთ-ში შესვლას; მოგვწონს ის, რომ საკმაოდ შემცირდა შიშის და აგრესიის ტონი რუსეთიდან, მაგრამ მთავარია, ეროვნული ინტერესები არ შეიბღალოს. ჩვენ დღეიდან ვიწყებთ მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ჩვენი მიზანია ეროვნული ძალები იყოს სოლიდურად წარმოდგენილი ყველა დონეზე”.
გივი ფრანგიშვილი: “მინდა დიდი კონსტანტინე გამსახურდიას სურათის ფონზე გითხრათ ჩემი სათქმელი; ეროვნული ღირებულებები ამ კაცისგან ვისწავლე, მისი ლიტერატურიდან. მართლაც დიდ საქმეს ეყრება საფუძველი. ჩვენ გვინდა, რომ არ დაიკარგოს წმინდა ეროვნული ღირებულებები, გვინდა ახალგაზრდებს გადავცეთ დაუმახინჯებელი ისტორია… გვაქვს შემუშავებული სამოქმედო პროგრამა და მიხარია, რომ ამ მოძრაობამ სტარტი სწორედ აბაშიდან აიღო _ გამსახურდიების სამშობლოდან. მალე სამტრედიაშიც გაიხსნება ფილიალი და მერე მთელ იმერეთს მოვიცავთ. ჩვენ ჩოხოსნები ვართ, თანაც, სამტრედიის ხალხური სიმღერის ანსამბლის “სამტრედიის” წევრები. სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ვცდილობთ, ყოველთვის ეროვნული საქმე ვაკეთოთ”.