“საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია _ აფბა” მიიჩნევს, რომ 112-ის გადასახადი ერთ-ერთია იმ დაუსაბუთებელი და არასამართლიანი გადაწყვეტილებათაგან, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული. არასამთავრობო ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, შეცვალოს წინა მთავრობის მიერ შემოღებული საგანგებო სიტუაციის სამსახურის დაფინანსების მახინჯი სისტემა, რომელსაც ანალოგი მსოფლიოში არ მოეძებნება.
ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: “აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი 112-ის სამსახურის მსგავსი სისტემა ყველა ევროპულ სახელმწიფოში, ასევე ამერიკაში, რუსეთსა თუ სხვა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. ასეთი სამსახურის ჩამოყალიბების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო 1991 წელს ევროკავშირის საბჭოს მიერ და ყველა წევრ ქვეყანას დაევალა მისი შექმნა. 2002 წლის მარტში, უნივერსალური სპეციალური დირექტივაც ამოქმედდა და შესაბამისი მოთხოვნებიც დაწესდა, რომელთგან ერთ-ერთ მნიშვნელოვანს წარმოადგენს ის, რომ მისი მომსახურება უფასოა ნებისმიერი აბონენტისათვის.
საინტერესო ფაქტია, რომ მთავრობის დადგენილებით, 112-ის გადასახადის აბონენტების ანგარიშებიდან ჩამოჭრა 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ სამსახური მხოლოდ იმავე წლის ივნისიდან ამოქმედდა. გამოდის, რომ მოსახლეობა 5 თვის მანძილზე იხდიდა გადასახადს იმ მომსახურებისთვის, რომელიც ჯერ არ არსებობდა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2012 წელს 112-ის შემოსავალმა 8 554 859 ლარი შეადგინა. სამსახურმა ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი ლარი მიიღო, როგორც საწყისი კაპიტალი, რათა საქმიანობა დაეწყო. გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა საგანგებო სამსახურს საწყისი კაპიტალი, თუ მისი ბიუჯეტის შევსება საქმიანობის დაწყებამდე 5 თვით ადრე დაიწყო?
გადასახადის შემოღებისას ხელისუფლებას არ განუმარტავს, თუ რა პრინციპით განისაზღვრა თითოეულ აბონენტისთვის სავალდებულო ტარიფი, რა ეკონომიკურ გათვლებს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, რომელიც პასუხისმგებელია მობილური ოპერატორების ბაზრის რეგულირებაზე და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობაზე არც კი გაუპროტესტებია ამ გადაწყვეტილების მიღება და უხმოდ დაემორჩილა აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას”.
აფბა მიმართავს ახალ მთავრობას და მოითხოვს, რომ გაუქმდეს 112-ის გადასახადი, რომლითაც მოსახლეობის ჯიბეებიდან უსამართლოდ ხდება ფინანსების ამოღება.