”მთავარმა პროკურატურამ გადაწყვიტა გაითვალისწინოს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მომართვა და საკრებულოს თანამშრომლები დაკითხვებზე თვის ბოლო პარასკევს არ დაიბაროს.
ზაალ სამადაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურორს დღეს მიმართა. მიმართვაში ნათქვამია, რომ პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების მიერ საკრებულოს თანამშრომლების მოწმის სახით დაბარება ხდება საკრებულოს სხდომების დროს. სხდომები ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება.
„უკანასკნელი თვეების განმავლობაში სისტემატური ხასიათი მიიღო თქვენი საგამოძიებო უწყების მხრიდან თბილისის საკრებულოს წევრების მოწმის სტატუსით დაბარებამ. საგულისხმოა, რომ დაბარება ხდება სწორედ საკრებულოს სხდომების დროს. გაცნობებთ, რომ თბილისის საკრებულოს სხდომები იმართება ყოველი თვის ბოლო პარასკევს და საკრებულოს წევრების უპირველესი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მიიღონ სხდომაში, რათა ეფექტურად და პოზიტიურად გადაწყდეს თბილისის და თბილისელების წინაშე არსებული პრობლემური საკითხები” _ ნათქვამია განცხადებაში.