შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრეს და უკვე გახორციელებული პროექტების ანალიზი გააკეთეს. საუბარი სამომავლო გეგმებსაც შეეხო. განსაკუთრებული აქცენტი საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე, რეგიონში განსახორციელებელ პროექტებსა და ქალაქების რეაბილიტაციაზე გაკეთდა.
შეხვედრაზე დაიგეგმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას ვიზიტი მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში, რომელიც 1 მარტს გაიმართება.
როგორც შეხვედრის შემდეგ მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, შეხვედრა ეხებოდა სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
“ჩვენ მივაწოდეთ ის ძირითადი პრიორიტეტები, რაზეც სამინისტრო უახლოესი წლების განმავლობაში იმუშავებს. მათ შორის, საუბარი გვქონდა არა მხოლოდ გზების რეაბილიტაციასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, არამედ ინსტიტუციური განვითარების საკითხებზეც” – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალის თქმით, შეხვედრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ძალიან წარმატებული იყო.
“ჩვენ დავსახეთ მიმართულებები და სფეროები, რომლებშიც მსოფლიო ბანკი საქართველოს მხარდაჭერას აღმოუჩენს. ეს სფეროებია: რეგიონული განვითარება, მუნიციპალური განვითარება, საგზაო და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. ჩვენ ვიწყებთ სერიოზულ მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან, რათა განვსაზღვროთ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის მიმართულებები,” – განაცხადა კერალიმ შეხვედრის დასასრულს.