თეიმურაზ ახვლედიანი (მაიორი): 2006 წლის 1 იანვარს უნდა მომხდარიყო ჩვენი პენსიების გადაანგარიშება, მაგრამ სააკაშვილს ალერგია აქვს ჩვენზე და მოსმენაც არ ინება. ჯერ კიდევ ორი წლის წინ საჩივარი შევიტანეთ სტრასბურგში და ველოდებით პასუხს. რამდენიმე დღის წინ კი იგივე განცხადებით მთავრობის კანცელარიას მივმართეთ. საქმე იმაშია, რომ კანონით გათვალისწინებული იყო ჩვენი პენსიების გადაანგარიშება იმ შემთხვევაში, თუ ხელფასებისა და პენსიების ზრდა მოხდებოდა. სამოქალაქო პენსიას უნდა დამატებოდა ძალოვანების ჩინის მიხედვით თანხა, მაგრამ 2005 წელს, მერაბიშვილმა თვითნებურად გამოსცა ბრძანება და შეაჩერა გადაანგარიშება. ეს ბრძანება ძალაში არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მაშინ უკვე ჯანდაცვის სამინისტროს ბალანსზე ვიყავით. უფრო გასაგები რომ იყოს, ჩვენ ყოველთვიურად გვაკლდება 90–150 ლარი პენსია. სანამ თეა წულუკიანი მინისტრი გახდებოდა, ამ საკითხზე მასთან გავდიოდით კონსულტაციას, სააკაშვილს ძალიან კი უნდა უკვე გარდაცვლილები ვიყოთ, რადგან ყველა ცოცხალ ძალოვანზე ვრცელდება ეს კანონი და უნდა მოხდეს პენსიის გადაანგარიშება. ჩვენ ამ დღეებში ვაპირებთ პრემიერ მინისტრთან შეხვედრას და ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლის და კანონის დასაცავად.
ნოდარ ტერტერაშვილი: “პენსიაზე 1999 წელს გამიშვეს. 11 თვის ხელფასი მქონდა ასაღები მაშინ, როცა პენსიაზე გავედი. ისე, დღესაც არიან ისეთი პოლიციელები იმ წლების ხელფასები რომ არ აქვთ აღებული. ეს ახლაა პოლიცია და პატრული, რომელთაც ყველა პირობა შეუქმნეს, თორემ მაშინდელ მილიციას ყველაფერზე ზრუნვა თავად უხდებოდა. ყველა ქარტეხილმა ჩვენს თავზე გადაიარა–სამაჩაბლო, აფხაზეთი, 9 აპრილი. 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი გვქონდა, ფულს ვიხდიდით ტყვიაში, თავი რომ დაგვეცვა…არაფერს უკანონოს არ ვითხოვთ, ფინანსთა მინისტრთან ვიყავით. ნოდარ ხადურმა საქმეში გარკვევა და დახმარება აღგვითქვა. ყოველდღე გვიერთდებიან პენსიაზე გასული ყოფილი პოლიციელები. ზოგს ტრამვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოუვიდა და არც კი დაუფიქსირებია არავის, რომ მკურნალობაზე თანხები არ დაეხარჯათ. მეც და ჩემი კოლეგების უმეტესობას გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გვაქვს სამსახური დატოვებული და 100 ლარს გვამადლიან. ჩვენთვის ეს დიდი ფულია, თორემ მერაბიშვილმა გვითხრა, რაღაც 100 ლარის გულისთვის ღირს კი ამხელა აჟიოტაჟის ატეხვაო? ჩვენ მოვითხოვთ მოგვაქციონ ყურადღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა ზომებს მივმართავთ და სიმართლეს მაინც დავადგენთ.