2013 წელს კი, ბრძანებულებაში მიხეილ სააკაშვილისა და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა, რომლის შესაბამისად, საინფორმაციო ცენტრი ნატო-სთან ერთად, ევროკავშირის მიმართულებითაც იმუშავებს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განმარტა, რომ პრეზიდენტის განკარგულებით, ცენტრის რეორგანიზაცია მოხდა და ამის შედეგად, მისი ყოფილი დირექტორი თენგიზ გოგოტიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
მინისტრმა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებს ახალი დირექტორი ელენე გოცაძე წარუდგინა.
ალექსი პეტრიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი: “ამ ცენტრის, როგორც შექმნა, ისე რეორგანიზაცია გახორციელდა პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე და დღეს, საქართველოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მოხდა ნატოს საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზება, მას გაუფართოვდა ფუნქციები, ამიერიდან ეს იქნება საინფორმაციო ცენტრი ნატოს და ევროკავშირის შესახებ. ყველამ ვიცით, რომ ქვეყნის ხელისუფლების უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებია ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრირება, ამ თვალსაზრისით ცენტრს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული დატვირთვა. ამ ცენტრის მთავარი ამოცანაა საქართველოში გაიზარდოს ამ ორგანიზაციების ცნობადობა მთელი ქვეყნის მაშტაბით. დღეს წარვადგინეთ ამ ცენტრის ახალი დირექტორი, ელენე გოცაძე. მას აქვს დიდი გამოცდილება როგორც ჟურნალისტიკაში, ასევე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის. ის 2005 – 2010 წლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობდა.
მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრის ყოფილ ხემძღვანელს, თენგიზ გოგოტიშვილს მის მიერ გაწეული სამუშაოებისთვის და მასთან, როგორც ამ საკითხებში საკმაოდ გათვითცნობიერებულ პიროვნებასთან გვექნება ურთიერთობა და თანამშრომლობა.”