“პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე დავინახეთ უპეცედენტო ზეწოლა. იმ ადგილას, სადაც უნდა მსხდარიყვნენ ჟურნალისტები, იდგა ორი ადამიანი, რომლებშიც ჩვენ სპეცსამსახურის თანამშრომლები ამოვიცანით. მას შემდეგ, რაც დარბაზმა მიმართა სასამართლოს, დაინტერესებულიყო ამ ადამიანების ვინაობით, ეს ადამიანები უბრალოდ გაიქცნენ. ვერც ერთმა ჟურნალისტმა მათში ვერ ამოიცნო კოლეგა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ არანაირი შეხება არ ჰქონდათ ჟურნალისტიკასთან და პროცესს ესწრებოდნენ სასამართლოზე ზეწოლის მიზნით. გარე პერიმეტრს კი პატრულის ფორმებში გამოწყობილი ე.წ. “პეპელას” სპეცნაზის“ თანამშრომლები აკონტროლებდნენ. ასევე შეიმჩნეოდა სოდის და კუდის ყოფილი თანამშრომლების უპრეცედენტო მობილიზება.”– განაცხადა გიორგი ონიანმა.
ადვოკატის თქმით, სასამართლომ სწორედ ასეთი ზეწოლის ფონზე გამოიტანა დაუსაბუთებელი და არაადექვატური გადაწყვეტილება და ბაჩო ახალაია პატიმრობაში დატოვა. მისივე მტკიცებით ბრალდების არგუმენტები სასაცილო იყო, რადგან ბაჩო ახალაია არც მიმალვას აპირებს, არ მოწმეებზე ზეწოლას და არც დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებას.
“პროკურატურას ჰქონდა ერთი სასაცილო მოსაზრება, რომ ბაჩო ახალაია გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას. უკაცრავად, მაგრამ ახალაიას ყველა ბრალდება გულისხმობს სამოხელეო დანაშაულს. დღეს ეს ადამიანი არ მუშაობს, არანაირ თანამდებობას არ იკავებს და როგორ უნდა გააგრძელოს უფლებამოსილების გადამეტება, გაუგებარია.”
გიორგი ონიანის თქმით, პროკურატურამ 2 საათზე ჩანიშნული პროცესი თვითნებურად გადადო საათნახევრით იმ მიზნით, რომ ახალაიასთვის ახალი ბრალი წარედგინათ. ადვოკატის თქმით, ციხის ბუნტის ორგანიზებაში ბაჩო ახალაის დადანაშაულება აბსურდულია, რადგან ბუნტი რეალურად კანონიერმა ქურდებმა დაგეგმეს და განახორციელეს.
“ბაჩო ახალაიას ბრალი კანონიერი ქურდების ჩვენებებით წარუდგინეს. ეს სწორედ ის ქურდები არიან, რომლებმაც ბაჩო ახალაის ლიკვიდაციისთვის ჯილდოც კი დააწესეს. ამის ჩამდენი ადამიანის “კარანაცია” ანუ ქურდად მონათვლა ავტომატურად მოხდებოდა.”_ განაცხადა ონიანმა და დასძინა, რომ ამ ვითარებაში სამართლებრივი ბრძოლა აზრს კარგავს.