“საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიგური ინტეგრაციის დასაჩქარებლად, ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით ჩვენი ამოცანაა, პირნათლად შევასრულოთ ევროკავშირთან და ნატოსთან ნაკისრი ვალდებულებები, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ურთიერთობები მეგობარ აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და უკრაინასთან და გადავდგათ ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ.
ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი უპასუხისმგებლო განცხადებები და მოქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის კურსს აღნიშნული მიმართულებებით, ლახავს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს და უქმნის დამატებით საშინაო და საგარეო პრობლემებს ახალ ხელისუფლებას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მეგობარი სახელმწიფოების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით მათ ბოდიშს ვუხდი.
ვინაიდან არც მომავალში ვართ დაზღვეული მსგავსი ინციდენტებისგან, მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბერში მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით, მისი ვიზიტები არ არის კოორდინირებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მისი განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, თუ ეს არ არის დადასტურებული ქვეყნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.” _ ნათქვამია პრემიერ მინისტრის განცხადებაში.