_ მონაცემთა ბაზაში გაირკვა, რომ ყველაზე ასაკოვანი პედაგოგი ქალბატონი ეთერ გარაყანიძეა. სარვამარტო საჩუქარი მას მინისტრმა გამოუგზავნა, თუმცა, რა იყო, არ ვიცოდი. ასევე ქალბატონი ეთერი წერილს მატანს მინისტრთან, _ თქვა გოგლიჩიძემ ოზურგეთელ პედაგოგებთან შეხვედრისას.
_ ეთერ გარაყანიძეს სოფელ გომის საჯარო სკოლაში ვესტუმრეთ, მინისტრის მოადგილემ ჯერ მისი გაკვეთილი ნახა, მერე კი შინ მივედით და საჩუქარი, პლაზმური ტელევიზორი გადასცა, _ უთხრა “გურია ნიუსს” ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ირინა ინარიძემ და უხნეს პედაგოგს “ყველაზე ხანდაზმული და ყველაზე ახალგაზრდა” უწოდა.
“ეთერ გარაყანიძე სოფელ მელექედურის საჯარო სკოლაშიც მუშაობს შეთავსებით, სადაც ისტორიის რამდენიმე საათი აქვს და ახალგაზრდული შემართებით ასწავლის,” _ ასე ახასიათებენ ოზურგეთის პედაგოგიურ საზოგადოებაში 84 წლის მასწავლებელს, რომელსაც 60 წლიანი მუშაობის სტაჟი აქვს.