_ სამაჩაბლოსთან, ბუფერულ ზონაში, დუშეთის რაიონის სოფელ შუახევში, თბილისიდან ჩასულმა ექიმებმა უფასოდ გასინჯეს და მედიკამენტები გადასცეს ქართველ და ოს მოქალაქეებს.
“ეს აქცია ხელს შეუწყობს კონფლიქტის ზონაში სახალხო დიპლომატიის ჩამოყალიბებას და პოზიტიურ განვითარებას,” _ აცხადებს “საზოგადოებრივი თანხმობისა და კოორდინაციის ცენტრი”.
აქციაზე იმყოფებოდა მსახიობი ნანა ხურითი.
ნანა ხურითი: _ მე იმ სოფლებში დავდიოდი წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ხალხს ყურადღება სჭირდება. დღეს მართლაც საჭირო საქმე გაკეთდა. ყველას გვიხაროდა _ ჩასულებსაც და იმ ადამიანებს, ვინც იქ დაგვხვდა. საღამომდე მათთან ერთად ვიყავით. ექიმებიც ძალიან ნასიამოვნებები იყვნენ.
_ იქ მოვიდნენ ქართველებიც და ოსებიც. როგორი დამოკიდებულებაა მათ შორის?
_ ძირითადად ოსები არიან, თუმცა, ქართველებიც ცხოვრობენ. ისინი ამაყობენ იმით, რომ არც 90-წლების, არც 2004 წლის და არც 2008 წლის პროვოკაციას არ აყვნენ და არც აჰყვებიან… ამბობენ, მთის სიბრძნემ გადაგვარჩინაო. კეთილმეზობლური დამოკიდებულება აქვთ და ჩვენს მიმართაც ძალიან თბილი და მოსიყვარულეები იყვნენ. ჩვენ ხომ მართლაც გვენატრება ერთმანეთი.
დღევანდელი დღე მართლაც მნიშვნელოვანი იყო. კარგია, როცა რაღაც კეთდება, თანაც, ანგარების გარეშე.