მის ადგილას კი როგორც ადრე ვწერდით, დაინიშნა, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის ალექსანდრე ჭანუყვაძის მოადგილე აკაკი მაისურაძე.
1982 წელს დაბადებული აკაკი მაისურაძე წარმოშობით იმერეთის ქალაქ ონიდანაა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში სახვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსი, ბოლოს კი ხარაგაულის სამმართველოში მუშაობდა.
ეს ინფორმაცია “გურია ნიუსთან” თავად აკაკი მაისურაძემ დაადასტურა.
_ კი ბატონო, დავინიშნე, ვარ ჩოხატაურის რაიონული სამმარველოს უფროსი, ვარ უკვე ჩოხატაურში და ვასრულებ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას.
_ბატონო აკაკი, სულ რაღაც ორი თვეა დაინიშნეთ ოზურგეთში რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ხომ ვერ გვეტყვით, რა დამსახურებისთვის დაგაწინაურეს?
_მე ჩემი საქმიდან გამომდინარე დავინიშნე. ..
_ რომელი საქმეებიდან გამომდინარე? ამ ბოლო ორი თვის განმავლობაში ოზურგეთში გახშირებულია ქურდობები, რამდენიმე დღის წინ სოფელ ხვარბეთში, ერთ-ერთი ოჯახიდან დიდი რაოდენობით თხილი გაიტანეს, იყო დაჭრის ორი ფაქტი და ამ რამდენიმე დღის წინ, 20 სასაფლაო გაძარცვეს….
_ ყველა საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ვმუშაობთ, როცა გაიხსნება დანაშაული, დარწმუნებული ვარ, თქვენ გაიგებთ ყველაზე პირველად, -გვითხრა მაისურაძემ.
ჩვენი ინფორმაციით, აკაკი მაისურაძის ადგილზე, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ კახა კილაძე ინიშნება, რომელიც აღნიშნულ სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების უფროსია.
გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის გოჩა ფერსაშვილის მოადგილედ, განყოფილების უფროსი გურამ ასათიანი დაინიშნა. ეს ინფორმაცია ჩვენთან თავად ასათიანმა დაგვიდასტურა.