სოფელ ნატანების გათავისუფლებული რწმუნებული კახაბერ კოპლატაძე და სპეციალისტი კახა კვაჭანტირაძე ოზურგეთის გამგებელს, კოტე შარაშენიძეს ზეწოლაში ადანაშაულებენ და მათ წინააღმდეგ გამგეობის იურისტთან შესულ საჩივრებს, გამგებლის და “ოცნების” წარმომადგენლების შეთითხნილს უწოდებენ.
კახაბერ კოპლატაძე: _ ამ წლის 22 თებერვალს დამირეკა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კოტე შარაშენიძემ და მითხრა, დაწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებო. ვკითხე მიზეზი, რატომ უნდა წავიდე, ვერ ვასრულებ მოვალეობას თუ რამე დანაშაული მაქვს-მეთქი? მიპასუხა, შეიცვალა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია და ვერ ხედავ, რა ხდებაო? გაზეთებს არ კითხულობ და ტელევიზორს არ უყურებო? დამთავრდა თქვენი დროო, დაწერო უნდა განცხადება და წახვიდეო. მე ვუთხარი, არ დავწერ-მეთქი. აი, მაგ პასუხისთვის შენ რა დაგემართოს, ნახავო. მე ვუთხარი, როგორც ჩათვლით საჭიროდ, ისე მოიქეცით და მე ჩემს უფლებებს დავიცავ-მეთქი. იმ დღესვე, 25 რიცხვიდან მოვითხოვე ჩემი კუთვნილი შვებულება, რომელიც დამიკმაყოფილა 5 რიცხვში. არადა, თურმე, 25 თებერვალს ვიყავი შვებულებაში გაშვებული და ის ბრძანებაც ძველი რიცხვით გაატარა. მე ეს იურისტებმა გამაცნეს გამგეობაში. 1 მარტს ვნახე პირადად და მითხრა, რომ შვებულებაში არ გაგიშვებო. 5 მარტს დაწერა ბრძანება ძველი რიცხვით, რაც არ შეიძლება. სადაა ის 10 დღე, როცა მე მოვალეობას ვასრულებდი და ანაზღაურებაც არ მიმიღია?
უფლება-მოვალეობა კი გადააბარა მის ნათესავს, რომელიც დანიშნა 4 მარტს. ის არის “ოცნების” კოორდინატორი და ამ პრინციპით დაინიშნა რწმუნებულად. ამის შემდეგ, შვებულებიდან გამოსვლამდე ორი დღით ადრე, მოვიდნენ “ოცნების” კოორდინატორები, დაახლოებით, 8 კაცი და მომთხოვეს განცხადების დაწერა, _სოფელს არ უნდიხართ, არც შენ და არც შენი თანამშრომლებიო. ახდენდნენ ჩემზე ზეწოლას, წადით, ახლა სახლში და ჩვენ უნდა ვიმუშაოთო. მე მათ განვუცხადე უარი, არ დავწერ განცხადებას-მეთქი. ვერ დამისახელეს მიზეზი, რამე დანაშაული თუ მქონდა. ამის შემდეგ, როცა მიხვდნენ, რომ მე არ დავწერდი განცხადებას, შემხვდნენ „ოცნების“ კოორდინატორები, ზაზა და ვასილ გობრონიძეები და წამომიყენეს პრეტენზიები, დამაბრალეს ათასი სიბინძურე, დაწერე განცხადება, თორემ კარებს აგიჭედავთო, დამემუქრნენ. იგივე ვუთხარი მათაც, არ დავწერ განცხადებას-მეთქი.
ამის შემდეგ, კოტე შარაშენიძესთან მოლაპარაკებით, შემითითხნეს საჩივრები და შევიდა იურისტთან გამგეობაში, ჩემზე და ჩემს თანამშრომლებზეც. ერთში საუბარია, რომ თითქოს, ინფორმაცია არ მივაწოდე სოფელს ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებით და მოსახლეობამ იზარალა მოსავალი. მეორე საჩივარი კი არის ის, რომ მე არასათანადოდ მაქვს შესრულებული სოფლის პროექტები და გაკეთებულია ყალბი ხელწერები. ამ საჩივრებზე არის ყალბი ხელწერები და ამას სასამართლო დაამტკიცებს. ამ ხალხის ნახევარმა არ იცის, ხელი რაზე აქვს მოწერილი. ვასილ და ზაზა გობრონიძეები მადანაშაულებენ პრობაციონერებზე ზეწოლაში, სოფლის პროექტების თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში, რომელთანაც მე შეხება არ მქონია საერთოდ და ითხოვს ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.
კახაბერ კოპლატაძე ეჭვობს, რომ ამ ხელმოწერების ორგანიზება გააკეთა კონსტანტინე შარაშენიძემ. ვინც ამ ბრალდებებს მიყენებს, არიან ოცნების აქტივისტები და მათგან რამდენიმე უკვე დანიშნულია ჩვენს ადგილებზე. გათავისუფლებულია სამივე სპეციალისტი და დანიშნულია „ოცნების“ კოორდინატორები, ხოლო ვასილ გობრონიძეს უნდა რწმუნებულობა. მე ვთვლი, რომ გამათავისუფლა პოლიტიკური ნიშნით, ეს არის დევნა.
კახა კვაჭანტირაძე: ვმუშაობდი ნატანებში სპეციალისტად, ზუსტად იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდი, როგორც რწმუნებული. ეს პიროვნებები შემოვიდნენ ჩემთან ოთახში და მანახეს, თითქოს, ჩემს მიერ დაწერილი განცხადება, სადაც ვითხოვდი სამსახურიდან გათავისუფლებას. ანუ, ჩემს მაგივრად დაწერეს განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ, დამემუქრნენ, თუ დილის 11 საათამდე ამ განცხადებას ხელს არ მოაწერთ, მაშინ შემოვალთ და კარებს აგიჭედავთ და გამოგყრით ყველას გარეთო. არ მოვაწერე ხელი. ამის შემდეგ შარაშენიძის ბრძანების საფუძველზე გაგვათავისუფლეს სამსახურიდან. თავს არ ვთვლით დამნაშავედ და ჩვენს უფლებებს სასამართლოში დავიცავთ.
_ რას აპირებთ?
_ ვაპირებთ აღნიშნული ბრძანების გასაჩივრებას სასამართლოში, ასევე მოვითხოვ, გამოიძიონ საჩივარში აღნიშნული ფაქტი, სადაც ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. ბატონმა კონსტანტინემ თუ მისცა სათანადო რეაგირება და თუ გადაუგზავნა შესაბამის ორგანოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამაზეც ვუჩივლებ შარაშენიძეს, რადგან მას არ აქვს უფლება, როცა კრიმინალზეა საუბარი, ეს დამალოს. 200 ადამიანი აწერს ხელს ჩემს ვითომ დანაშაულზე. სოფელში ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს და მაგათმა თუ 200 კაცის ხელწერა გააკეთეს, მე 2000 კაცისას გავაკეთებ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე, ამ ფაქტთან დაკავშირებით, მოკლე კომენტარს აკეთებს:
_ახლა შეხვედრაზე ვარ. გეტყვით ერთს, იჩივლოს მერე, რა პრობლემაა? მიმართოს სასამართლოს და გაირკვევა ყველაფერი.
_ბატონო, კოტე, როგორც გათავისუფლებული რწმუნებული აცხადებს, თქვენ მასზე ზეწოლას ახდენდით.
_აბა, ახლა რას იტყვი მეტს? სამი თვის განმავლობაში მე მისი მუშაობა ვერ დავინახე. ამიტომ გავათავისუფლე.