მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თქმით, უკვე მიღწეულია შეთანხმება გერმანიის იუსტიციის სამინისტროსთან, რომელიც თვის ბოლოს საქართველოში ადამიანის უფლებათა ექსპერტს და სამართალმცოდნეს მოავლენს.
“დღეის მდგომარეობით, პროკურატურას 2 300-ზე მეტი პატიმარი და ასეულობით ციხის თანამშრომელი ჰყავს დაკითხული, რომელთა ჩვენებებიც ადასტურებს სისტემური დანაშაულის არსებობას, როცა ციხეებში მართვის მეთოდად გამოყენებული იყო ძალადობა. ამ ფაქტობრივი მონაცემების დაგროვების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ მისი სამართლებრივი შეფასება მოგვეხდინა უცხოელ ექსპერტებთან ერთად. ამ მიზნით გერმანიის იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფორმატით მიღწეულია შეთანხმება _ ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში და სამართალმცოდნე თვის ბოლოს გვესტუმრება და მასთან ერთად განვიხილავთ მომხდარის სამართლებრივი შეფასების საკითხებს,” _ განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
მთავარი პროკურორი დათა ახალაიას განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის ამტკიცებს, რომ ციხის კადრების საზღვარგარეთ გატანა ვანო მერაბიშვილი დახმარებით მოხდა, მთავარი პროკურორის თქმით, გამოძიების ამ ეტაპზე კადრების გატანაში მერაბიშვილის კვალი არ ჩანს: “თუკი ახალაიას გააჩნია მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ამ კადრების შექმნა და მისი საზღვარგარეთ გატანა მოხდა მერაბიშვილის მეშვეობით, ჩვენ ამ ადამიანის ჩამოსვლის შემთხვევაში დავინტერესდებით და ამ მხრივ გამოძიებას ვაწარმოებთ.”