“ქართული ოცნება” ზედმეტად გაერთო “ნაციონალურ მოძრაობასთან” საჩვენებელი კინკლაობით. ამ კინკლაობის უკან კი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური გადარჩენის სურვილი დგას. ბიზნესებს გადაინაწილებენ და საპარლამენტო უმცირესობა ამ მიტაცებული ქონების ერთი ნაწილის შენარჩუნებას მაინც შეძლებს. პირდაპირ ვამბობ, _ ეს ქართველი ხალხის ღალატია. ჩვენ ვიცით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დამნაშავეთა ბანდაა, მაგრამ “ოცნებამ” უნდა შეიგნოს, რომ ის ოპოზიციაში აღარ არის და უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას. მაშინ, როდესაც ბიუჯეტიდან ფულის გაფლანგვაზეა საუბარი, პარლამენტში ფურცლები კი არ უნდა აფრიალონ, დამნაშავე უნდა დასაჯონ”, _ განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ პრეს-კლუბში.
ჯონდი ბაღათურიამ “პრაიმ-ტაიმის” პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ იგი პრემიერ-მინისტრის მიმართ პატივისცემას დღემდე ინარჩუნებს, თუმცა, დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციაში გადავიდა, რადგან მისთვის მიუღებელია ხელისუფლების გარკვეული ნაწილის ქმედება და საზოგადოებისგან გამიჯვნა.