ახალ დეტალებს და მოხსენებას ნინუაშვილი მომავალ სასესიო კვირაშიც წარადგენს. ეკა ბესელია ლაფანყურის საქმის გამოძიების თემას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხად განიხილავს: “დანაშაულია, არ გამოიძიო საქმე, რომელმაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა”, _ აცხადებს ბესელია.
მან, ასევე, ისაუბრა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ: “ძალიან მძიმე და რთული მოსასმენია, როცა იგებ ისეთ მძიმე დანაშაულობებზე, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას ეხება. არც ერთ ჩვენგანს არ აქვს უფლება, ეს საქმე გამოუძიებელი დავტოვოთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა სახალხო დამცველი ფლობს ახალ და ძალიან საინტერესო ინფორმაციას. საინტერესოა, რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება მაშინ, რითი იყო ეს ხალხი მოკლული. მე ვფიქრობ, რომ დანაშაულის ტოლფასია, თუ ჩვენ ამ საქმეს არ გამოვიძიებთ. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, გადაწყვეტილებას მივიღებთ უმრავლესობის ფორმატში. ვგეგმავთ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის შემდეგი მოსმენა მომავალ სასესიო კვირაში გაიმართოს. როდესაც დავასრულებთ ყველა რეკომენდაციის მოსმენას, დადგენილების პროექტს გამოვიტანთ. გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობამ პარლამენტის სხდომაზე პროექტი უნდა განიხილოს და იმსჯელოს,” _ განაცხადა ეკა ბესელიამ სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდეგ.