როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართება და მას მხოლოდ წინასწარ დარეგისტრირებული სტუდენტები დაესწრებიან. შეხვედრას ვერ დაესწრებიან ჟურნალისტები.
“პრეზიდენტს სურს სტუდენტებს გულახდილ გარემოში ესაუბროს, რასაც მედის დასწრება გარკვეულად შეუშლის ხელს. ჩვენი პრესსამსახური აპირებს შეხვერის გადაღებას, თუმცა შესაძლოა ამაზეც უარი ვთქვათ .მედიას შეეძლება შეხვედრიდან გამოსული სტუდენტების აზრი დააფიქსიროს” _ აცხადებს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი ნათია ბანძელაძე “გურია ნიუსთან.”
მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა და სტუდენტებს თვითცენზურაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.
“ძვირფასო მეგობრებო, ხვალ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრას ვაპირებ.
მინდა, ჩვენ შორის საინტერესო საუბარი შედგეს და არ წამოვიდე იქიდან, ვიდრე ახალგაზრდებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას არ ვუპასუხებ. თუ შეკითხვებს წინასწარაც მომწერთ, უკეთ მომზადებული მოვალ მათზე საპასუხოდ. ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ სტუდენტები არ მიმართავთ თვითცენზურას და თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დამისვამთ თუნდაც იქვე მოფიქრებულ შეკითხვებს.
ხვალამდე მეგობრებო!”
მიხეილ სააკაშვილი