450 დელეგატი იმერეთიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან დღეს საკუთარ არჩევანს გააკეთებს, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის შესაძლო კანდიდატურის შესახებ. წინასწარი შეფასებები გააკეთეს თავად პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებმა.
შოთა მალაშხიას განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, ვის დაუჭერს პარტია მხარს. მისი აზრით ყველა კანდიდატს დიდი გამოცდილება და სერიოზული საარჩევნო პროგრამა გააჩნია, რომელიც თავად ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს.
“პრაიმერები სხვადასხვა მიმართულებით იქნება _ ეს არის ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტერიტორიული მთლიანობა, საგარეო პოლიტიკა და ა.შ. დღეს ეკონომიკურ საკითხს განვიხილავთ. ეს საინტერესოა ჩვენი პარტიის ამომრჩევლებისთვის.
მთავარია ყველა კანდიდატმა მთელი სერიოზულობით წარმოადგინოს საკუთარი პროგრამა, ყველას უკან დგას სერიოზული გამოცდილება. ამომრჩეველი და პარტიის წევრები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. მე ყველას პატივს ვცემ და ვინც გაიმარჯვებს, მის გვერდით ვიქნები ასევე, თუ მე გავიმარჯვე, ჩემს გვერდით იქნებიან ჩემი თანაგუნდელები,” _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა და პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა შოთა მალაშხიამ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პრაიმერის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით, კიდევ რამდენიმე კონფერენციას გამართავს. მორიგი შიდა პარტიული პრაიმერი 7 ივლისს გორში გაიმართება, სადაც კონფერენციის თემა ჯანდაცვა, სოციალური საკითხები და სოფლის მეურნეობა იქნება. 28 ივლისს პარტია პრაიმერს თბილისში დაასრულებს და ამ დღესვე ცნობილი გახდება იმ კანდიდატის ვინაობა, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მიიღებს მონაწილეობას.