7 ივლისს პარტიის დელეგატები გორში აირჩევენ საპრეზიდენტო კანდიდატს, სადაც კონფერენციის დებატების ძირითადი თემა ჯანდაცვა, სოციალური საკითხები და სოფლის მეურნეობა იქნება. 14 ივლისს, “ნაციონალური” პრაიმერი თელავში ჩატარდება, სადაც კანდიდატების სადებატო თემა ადამიანის უფლებები იქნება. 20 ივლისს, “ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდში შეარჩევს საპრეზიდენტო კანდიდატს, სადაც კონფერენციის საკითხი საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება იქნება. 21 ივლისს აჭარა აირჩევს სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატს “ნაციონალური მოძრაობიდან” და ძირითადი განსახილველი სადებატო საკითხი კულტურა და განათლება იქნება. 28 ივლისს კი “ნაციონალური მოძრაობა” პრაიმერს დედაქალაქით დაასრულებს და ამ დღესვე გამოვლინდება პარტიის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” შიდა პრაიმერი ქუთაისით დაიწყო, სადაც პრაიმერი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ფარული კენჭისყრის შედეგები დაახლოებით ერთ საათში გახდება ცნობილი.