კოალიციის წევრმა გელა სალუაშვილმა განაცხადა, რომ მიხელ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები სამუშაო დღეს დანიშნა, რითაც საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლი დაირღვა.
სალუაშვილის განმარტებით, საარჩევნო კოდექსის აღნიშნული მუხლით, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მხოლოდ არასამუშაო დღეებშია დაშვებული.
კოალიციამ ამ დარღვევასთან დაკავშირებით უკვე მიმართა ცესკოს განცხადებით და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდეს.
კოალიციის წევრთა განცხადებით, ისინი უახლოეს დღეებში პრეზიდენტის წინააღმდეგ პროკურატურაშიც შეიტანენ სარჩელს.
ცესკო გამოეხმაურა “ერთსულოვნების” განცხადებას: “გადაწყვეტილება, თუ რომელ დღეს უნდა ჩატარებულიყო არჩევნები, არის თვითონ პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო”, _ განაცხადა ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ ანასაშვილმა.
არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნაზე ისაუბრა “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, “პრეზიდენტს 31 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების თარიღის შეცვლის ვალდებულება არ აქვს, რადგან ეს ნორმა იმდროინდელი ჩანაწერია, როცა საპრეზიდენტო არჩევნების აუცილებლად კვირა დღეს ჩატარებას კონსტიტუცია განსაზღვრავდა, დღეს ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში უკვე აღარაა.”
შეგახსენებთ, რომ არჩევნების 31 ოქტომბერს გამართვასთან დაკავშირებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტი ცესკო-მ უკვე მიიღო.