სადაც ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი სესიაშვილი და საპარლამენტო უმცირესობის წევრები ზურაბ ჭიაბერაშვილი და გივი თარგამაძე დაუპირისპირდნენ, საუბარი “გურია ნიუსში” გამოქვეყნებულ სტატიასაც _ “სისტემაში მუშაობააკრძალული კადრი სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსად ინიშნება” შეეხო.
გივი თარგამაძე დაინტერესდა, რატომ დააბრუნა ახალმა ხელისუფლებამ მათ მიერ მოხსნილი კადრი, რომლის დანაშაულებები გამოძიების შედეგად დადასტურდა. ამ კონტექსტში მან “გურია ნიუსის” პუბლიკაცია მოიშველია:
_ მაშინდელი თქვენი, ასე ვთქვათ, მხარდამჭერის, ოპოზიციური “გურია ნიუსის” მიერ მრავალჯერ დასახელებული ადამიანი, რომლის შესახებაც სტატიებზე დაყრდნობით გამოძიება ჩატარდა და ფაქტები დადასტურდა, ჩვენ მოვხსენით _ გურიიდან, პოლიციიდან. ჩუბინიძეზე ვსაუბრობ, რომელიც დღეს დაინიშნა იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსად. მაქვს ნამდვილად სწორი ინფორმაცია იმაზე, რომ ჩუბინიძე თქვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის, ჩუბინიძის ნათესავია და მის წინა დანაშაულობებზე თვალი სწორედ ამის გამო იქნა დახუჭული და ის ძალიან დიდი სტრუქტურის ხელმძღვანელად დაინიშნა, _ განაცხადა გივი თარგამაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს თარგამაძის მიერ წამოჭრილ ამ საკითხზე საუბარი არ გაუგრძელებიათ და დებატები სხვა თემაზე გადაიტანეს.
გივი თარგამაძეს შევახსენებთ, რომ “გურია ნიუსი” არასდროს ყოფილა არც ერთი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი და არც ოპოზიციური გამოცემა. ცდება, თუ ბატონი თარგამაძე რეალური ფაქტების ასახვას და სიმართლის თქმას ვინმეს მხარდაჭერად მიიჩნევს; რაც შეეხება იმას, რომ მას “გურია ნიუსი” “ქართული ოცნების” მხარდამჭერად მიაჩნია, როგორც ჩანს, მეხსიერება ღალატობს, რადგან ჩვენ მუდმივად ვაქვეყნებდით კრიტიკულ მასალებს ნაციონალური (მანამდე კი, შევარდნაძის და გამსახურდიას დროინდელი!) ხელისუფლების შესახებ – ეს კი გაცილებით ადრეული პერიოდია, ვიდრე პოლიტიკურ ასპარეზზე “ქართული ოცნება” გამოჩნდებოდა!