შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სტუმრებს გააცნო ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, ელექტრონული მმართველობისა და საჯარო ფინანსების მართვის კუთხით დანერგილი სიახლეები.
მინისტრმა გამოთქვა სურვილი, ორი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს შორის გაგრძელდეს მრავალმხრივი თანამშრომლობა, როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ისე ტექნიკური დახმარების კუთხით.
თავის მხრივ, ავსტრიის ფედერალური კანცელარიისა და სხვა სამინისტროების წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გააცნეს ავსტრიაში დანერგილი პრაქტიკა ინოვაციური პროექტების ხელშეწყობის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ზოგადად, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს იმ გამოცდილებაზე, რომელიც აქვთ საჯარო სექტროში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ტრანსფერის კუთხით, თანამშრომლობის მოდელზე მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს, მთავრობასა და უნივერსიტეტებს შორის. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ელექტრონული მმართველობის, ინფორმაციული უსაფრთხოების თანამედროვე მიდგომებს.
დელეგაციის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, საქართველოს სამთავრობო უწყებებს, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროსთან გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.