კობახიძის თქმით, დღის წესრიგში მდგარი ცვლილებებით ხდება კონსტიტუციის მორგება ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე:
_ უპირველეს ყოვლისა, „დემოკრატიული მოძრაობა“ მადლობას უხდის „ენდიაის“ და ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ორგანიზებას უკეთებენ ისეთი ტიპის შეხვედრებს საქართველოში, როგორიც დღევანდელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გახლდათ და ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებთ, რომ ჩვენი პარტია ყველა ამ ტიპის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.
თუმცა, დღევანდელი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მმართველი ძალის მიერ, სამწუხაროდ, უკვე ტრადიციულად, გადაიქცა უბრალო ფორმალობად და „ნაცმოძრაობის“ საუკეთესო ტრადიციების გაგრძელებად, რაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც საკონსტიტუციო ცვლილებებია, საზოგადოების ჩართულობის ილუზიას ემსახურება.
პირდაპირ შეიძლება ითქვას, ბოლო დროს განხორციელებული და დღის წესრიგში მდგარი ცვლილებებით ხდება კონსტიტუციის მორგება ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე და ემსახურება მათთვის საკანონმდებლო დისკომფორტების მოხსნას.
ქვეყნის კონსტიტუცია უნდა იყოს საერთო სახალხო კონსენსუსის საგანი და ეს ჩვენთვის, „დემოკრატიული მოძრაობისათვის“ არ არის ცარიელი სიტყვები. ჩვენთვის ეს სამოქმედო პრინციპი გახლავთ!
„დემოკრატიული მოძრაობისათვის“ მიუღებელია ნაცმოძრაობის მეთოდებით კონსტიტუციასთან დამოკიდებულება და საზოგადოებრივი აზრის იგნორირება.
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ყველა სუბიექტი აღიარებს რომ კონსტიტუცია არსებით ცვლილებებს საჭიროებს, დღემდე არ შექმნილა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რისი პირობაც ახალმა ხელისუფლებამ არაერთგზის მისცა საზოგადოებას, ერთდერთი ბოლო მათგანი კი პარლამენტის თავმჯდომარის მაისში მოცემული დაპირება გახლდათ.
გამოვყოფ ერთ-ერთ მთავარ დაგეგმილ ცვლილებას: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის დაკავების შესაძლებლობის მიცემა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისათვის, როგორიცაა პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე. ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას. არ შეიძლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი პირები იყვნენ ამავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქენი!
„დემოკრატიული მოძრაობის“ დღევანდელი პროტესტი უნდა გახდეს საფუძველი ახალი ხელისუფლებისათვის, რომ გადავიდეს დემოკრრატიული სახელმწიფოების პოლიტიკურ კულტურაში დამკვიდრებული წესებითა და პრინციპებით ქვეყნის მართვაზე, _ აღნიშნა კობახიძემ.