_ ბატონო ნუგზარ, რის გამო შეწყდა აქცია და რა მოლოდინის რეჟიმში ხართ?
_ ჩვენი მთავარი მიზანი დავაანონსეთ იყო არჩევნების წინა პერიოდში _ უნდა ამდგარიყო სამართლიანობა. სამართლიანობის აღდგენა იმას არ ნიშნავს, რომ რამდენიმე ადამიანი მოკალათდა პარლამენტში და ძალიან კარგად გრძნობენ თავს; ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხმა ამოისუნთქა. მე მჯერა ბიძინა ივანიშვილის და ბოლომდე დავუჯერებ _ ის დიდ მონსტრებს და ვამპირებს შეებრძოლა.
ჩვენ, 2012 წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ახლანდელი მოვალეობის შემსრულებელი, კოტე შარაშენიძე ვამხილეთ, თუ როგორ შეხვდა ბახმაროში გაგა მკურნალიძეს. უბრალოდ, მაშინ არ გვინდოდა გამოგვეხატა, რომ “ქართულ ოცნებაში” იყო დაპირისპირება.
_ ბატონო ნუგზარ, იქნებ, თემის ირგვლივ ვისაუბროთ. გაგა მკურნალიძის და კოტე შარაშენიძის შეხვედრის შესახებ “გურია ნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია და ეს ინფორმაცია ბახმაროდან მოგვაწოდეს. თქვენი მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გურიის სამსახურის ხელმძღვანელი, აკაკი სიხარულიძე გადამდგარიყო თანამდებობიდან?
_ არჩევნებიდან 10 თვე იყო გასული და ვიყავით მოლოდინის რეჟიმში. ველოდით, რომ თავად კოალიციის ლიდერები ჩამოყალიბდებოდნენ, იქნებოდა რაღაც კვოტა, ამ კვოტით დასაქმდებოდა ხალხი და მოხდებოდა ჩანაცვლება. კოტე შარაშენიძე, 2012 წლის არჩევნების დროს, ეხვეწებოდა პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ ლიდერებს, რომ მხარი დაეჭირათ მისთვის და ერთიანად მიიყვანდნენ საქმეს ბოლომდე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. შარაშენიძე ადგა და თვითნებურად მოახდინა კოჰაბიტაცია ნაციონალებთან. ეს იყო უკვე ბოლო წვეთი. საკრებულოს არჩევნებზე კოალიციის კანდიდატურა იყო დიმიტრი კვერღელიძე, რომელსაც მხარს ასევე უჭერდა მაჟორიტარი-დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე, სწორედ აქ დავინახეთ, რომ კოტე შარაშენიძე სხვა კანდიდატზე მუშაობდა _ ის იბარებდა ხალხს, აშინებდა და ატერორებდა.
_ ეს ყველაფერი გასაგებია და ამის შესახებ ხშირად საუბრობდით აქციის მონაწილეები. იმასაც ამბობდით, რომ აკაკი სიხარულიძეც იბარებდა დეპუტატებს და ეუბნებოდა, კვერღელიძისთვის არ მიეცათ ხმა. ამის დამადასტურებელი ფაქტი გაქვთ?
_ როდესაც ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, ავთანდილ სურგულაძე, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გავიდა, ვნახეთ როგორი სიამტკბილობით და ხვდება იმ გადაწყვეტილებას კოტე შარაშენიძე _ ეს ხომ დაფიქსირებულია?! კოტეს არ უთქვამს, რა დამემართა, რომ ნაციონალებს მხარი დავუჭირეო. ამაზე მეტი ფაქტი რა გინდათ? მე მინდოდა ნაციონალების რეჟიმი შეცვლილიყო უკეთესობისკენ. 90-იანი წლების შემდეგ, უარეს და უარეს მდგომარეობაში ვვარდებით. ერთი ფაქტი მინდა მოვიყვანო _ როდესაც 90-იან წლებში გამგებლები დანიშნეს სოფლებში, მაშინაც გვეუბნებოდნენ, კოლმეურნეობის თავმჯდომარეებს არ შეეხოთო. ზუსტად ასეთი მდგომარეობაა დღეს. მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში და ეუბნებიან, ნაციონალებს ნუ შეეხებით რამდენიმე ხნითო. კი, ბატონო, გაჩერებულები ვართ, მოვითმენთ ამ სამ თვესაც.
_ თქვენი აზრით, პრემიერ-მინისტრს არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია, თუ რა მოხდა საკრებულოს არჩევნების შემდეგ ოზურგეთში?
_ ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია აქვს. მე ბოდიშს ვიხდი _ ის უბრალო პიროვნება არ არის და თუ დასჭირდა და თუ სჭირდება, შავ ზღვაში “ხამსასაც” დაითვლის. ის ნიჭიერი კაცი და დიდი ქონების პატრონია. გაგვიმართლა, რომ ის გამოჩნდა, მაგრამ ხალხი ითხოვს სოციალური ფონის გაუმჯობესებას. სირცხვილია, რომ ქვეყანაში შიმშილია, როცა საქართველოს ისეთი გეოგრაფიული მდგომარეობა აქვს, რეალურად, ბევრად უკეთესად უნდა ვცხოვრობდეთ.
_ ბატონო ნუგზარ, აქციის დაშლაზე იქონია თუ არა გავლენა კვაჭანტირაძის სიტყვებმა?
_ ჩვენ ვერც გვეტყოდა ვერავინ კარავი ან გაშალე, ან დაშალეო. ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და გვაქვს თავისუფალი სიტყვის გამოხატვის უფლება, მაგრამ როდესაც ზვიად კვაჭანტირაძე გვეახლა, იქ შედგა საუბარი. ჩვენ პეტიციები გვქონდა გაგზავნილი 11 უწყებაში და ეს პეტიციები დღემდე იგნორირებულია. პოლიციის სამმართველოში სამი განცხადება გვაქვს შეტანილი, მაგრამ არც ერთზე პასუხი არ მიგვიღია. ზვიადი ძალიან შეწუხებული და გულწრფელი იყო, მას არ უთქვამს, რომ დავშლილიყავით. მან გვითხრა, რომ ჩვენი და გურიის მოთხოვნებს, შეძლებისდაგვარად ყველგან მივიტან და ჩემს ამომრჩევლებს დავუდგები გვერდითო. თან გვითხრა, გინდ გააგრძელეთ აქცია და გინდ _ დაიშალეთო. ჩვენ ასევე შემხვდით პარლამენტარს, ზურაბ აბაშიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ისიც გააცნობდა ყველა საკითხს შესაბამის უწყებებს. ჩვენ თვითონ მივიღეთ გადაწყვეტილება და ავიღეთ კარავი იმის გამო, რომ ხელი არ შეგვეშალა ობიექტური გამოძიებისთვის. ჩვენი სურვილია, კანონმა დაიწყოს მუშაობა, მაგრამ დღემდე არაფერი არ მიგვიღია და არაფერი არ ხდება. ის მოთხოვნები და დაპირებები აუცილებლად უნდა ასრულდეს. ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ბიძინა ივანიშვილს კოტე შარაშენიძისთვის და დათო დარჩიასთვის ჩაეგდო ოზურგეთი ხელში.
_ წინასაარჩევნო მარათონში არ ჩანხართ…
_ ველოდებით, თუ ვინ იქნება “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ოზურგეთში. დათო დარჩიას კანდიდატურა მიუღებელია.