იმასთან დაკავშირებით, თუ რა დათმობაზე წავიდნენ კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერები, რომლებიც უარს აცხადებდნენ ამ კანდიდატურის მხარდაჭერაზე, პარტია ” თავისუფალი დემოკრატების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დიმიტრი კვერღელიძე გვესაუბრება:
_ ბატონო დიმიტრი, თქვენ წინასწარვე ამბობდით, რომ დავით დარჩიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდით. თუმცა, მაინც დაუდექით გვერდით. უხეშად რომ ვთქვათ, რაიმე გარიგება მოხდა და წაუყენეთ თუ არა დარჩიას სანაცვლოდ რაიმე პირობა?
_ ჯერ არ დანიშნულა, რასაც დანიშვნა ჰქვია. თუმცა, შეთანხმება მიღწეული გვაქვს, ოღონდ პირობებით. ჩვენ, კოალიციის ლიდერები შევიკრიბეთ, ჯერ კიდევ მაშინაც, როცა ბატონ ზვიად კვაჭანტირაძის სახლში მიმდინარეობდა ამ თემის განხილვა. იქ დავსვით კითხვები. იგივე შეკრება მოხდა დღესაც და დავაზუსტეთ რაღაცეები. ცალსახად ბატონი დავით დარჩია იქნება შტაბის უფროსი, თუ შეთანხმება იქნება მიღწეული და შესრულებული იქნება ყველა ის პირობა, რაც ჩვენ დავაყენეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის კი არაა, ვინ იქნება შტაბის უფროსი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის საზოგადოება, ვინც უნდა მისცეს ხმა ბატონ მარგველაშვილს. ჩვენ დაინტერესებული ვართ, აბსოლუტურად დამაჯერებლად გაიმარჯვოს ბატონმა გიორგიმ, მაგრამ ოზურგეთში, საზოგადოებაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სამართლიანი პრეტენზიებიდან გამომდინარე, გეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი კითხვებია. ამიტომ მე ვთვლი, სანამ ამ კითხვებზე პასუხები არ იქნება გაცემული, ისევ საფრთხე დაემუქრება არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში არსებული გულისტკენა რამდენიმე დღეში იქნას აღმოფხვრილი და საზოგადოებამ იგრძნოს, რომ ოზურგეთში არავის არ ეპატიება ხელისუფლების უზურპაცია, არასწორი ქცევები, პოლიტიკური შეცდომები, არავის არ ეპატიება კოალიცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს “და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღალატი. უამრავი თანხები მოდის ცენტრალური ხელისუფლებიდან, რომელიც უნდა მივიდეს ნებისმიერ ოზურგეთელამდე. ამიტომ ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი ეჭვი, ძალიან ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი. თუ ამ კითხვებზე არ იქნება გაცემული პასუხები ძალიან ხანმოკლე დროში, ჩვენ გაგვიჭირდება არჩევნების მოგება და იმ ადამიანების ნდობის მოპოვება, რომელმაც უნდა მოგვცეს ხმა.
_ კონკრეტულად დაგვისახელეთ რამდენიმე კითხვა, რომელიც დასვით…
_ ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს, ეს თქვენც იცით, ძალიან ბევრი კითხვა თქვენც დაგისვამთ, სხვათა შორის, ძალიან სამართლიანად, რისთვისაც მე პირადად მადლობა მინდა გითხრათ. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პროფესიონალურად დადებული თემები, თქვენგან დასმული კითხვები, ნიუანსებიც კი. აი, გამოვყოფდი სტიქიასთან დაკავშირებულ მასალებს, რაშიც აბსოლუტურად გეთანხმებით. მაგრამ როგორც ჩვენ, ასევე თქვენც პასუხები არ გაქვთ ამ თემებზე. თქვენ მართლაც ძალიან კომპეტენტურად დადეთ ეს მასალები, რეალურად ასეა. ამას დავამატეთ სხვა კითხვები, როგორც პოლიტიკური, ისე _ არაპოლიტიკური. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ და ვისაუბრებთ ყველა იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს. მოდით, უფლება დავიტოვოთ, ჯერ შიგნით, “ორგანიზმში” განვიხილოთ ეს საკითხები და შემდეგ სულ რამდენიმე დღეში ჩემგან იქნება ყველაფერი გასაჯაროებული. არ დავმალავთ არც ერთ ინფორმაციას _ ყოველ შემთხვევაში, ჩემგან ამას ადგილი არ ექნება. ჩვენ საზოგადოებასთან მივალთ მაშინ, როცა გვექნება კითხვებზე პასუხები. ოზურგეთში მოხდა ისე, რომ გამგებელი გახდა მეპატრონე და ე.წ. “მეფე” ამ რაიონისა. ასე არ არის და არც იქნება _ გამგებელი არის მენეჯერი, რომელმაც უნდა გაატაროს საკრებულოს პოლიტიკა, თუმცა, ყველაფერი პირიქით ხდება. ნებისმიერი თეთრი, რომელიც გამოიყოფა ცენტრალური ხელისუფლებისგან უნდა იყოს გაკონტროლებული. სხვათა შორის, 10 მილიონიანი ტრანსფერია ახლა გამოყოფილი _ მსგავსი პრეცედენტი არასოდეს არ ყოფილა ამ რაიონში _ ეს ყველამ უნდა დაინახოს. ჩვენ გვინდა, რომ გამოყოფილი თანხები, საზოგადოებამდე, ნებისმიერ ოჯახამდე მივიდეს.