_ საქართველო გმობს სირიაში სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რომელსაც ასი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ძალადობის კულმინაცია იყო ქიმიური იარაღის გამოყენება, რაც წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას. სირიაში მიმდინარე კრიზისის განმავლობაში საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებსა და ინიციატივებს, მათ შორის გაეროსა და არაბთა ლიგის ერთობლივი წარმომადგენლის მისიას და გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს, რომლებიც მოუწოდებდნენ სირიაში ადამიანის უფლებების დაცვისა და პოლიტიკური ტრანზიციისკენ, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო მიესალმება და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების მზადყოფნას უფრო აქტიური როლი შეასრულოს სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევის საქმეში და რეჟიმმა, რომელმაც ჩაიდინა ეს დანაშაული, პასუხი აგოს ამ ფუნდამენტური საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმის დარღვევისთვის.