შტატების დამატებას ახალი ხელისუფლება შეფარვით, მაგრამ მაინც ახერხებს. იმის მომიზეზება, რომ ეს ძალიან მასშტაბურად არ ხდება, ტყუილად თავის მართლებაა, რადგან წინა ხელისუფლებამაც ასე დაიწყო და საბოლოოდ, ბიუჯეტის ხარჯზე უსაზღვროდ გაბერილი შტატები მივიღეთ.
ამ საქმეს, როგორც ოზურგეთში ამბობენ, ახლაც ისეთივე პირი უჩანს _ ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამთვიან შტატებზე დანიშნულებს სამი თვის მერეც გაუგრძელებენ ვადას, რასაც ჩუმად ჰპირდებიან კიდეც დანიშნულებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გამგებელს რიგით მეოთხე თანაშემწე, ბიძინა კვაჭანტირაძე სამი თვით დაუნიშნეს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის ბიძაშვილია და ეს პატივიც წილად ამიტომ ხვდა _ “დარჩიას შტატს” “კვაჭანტირაძის შტატი” მიემატა… ვინ იქნება მომდევნო, ამას მალე გაუწყებთ. მანამდე კი ჩვენ ბიძინა კვაჭანტირაძეს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
_ ბატონო ბიძინა, როდის დაინიშნეთ გურიანთის რწმუნებულის მეოთხე თანაშემწედ?
_ ზუსტი რიცხვი არ მახსოვს(?). მგონი, 13 აგვისტოდან.
_ ვინ დაგეხმარათ სამსახურის დაწყებაში?
_ არავინ არ დამხმარებია, ჩემით დავიწყე.
_ თქვენ, როგორც ვიცით, მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონ ზვიად კვაჭანტირაძის ბიძაშვილი ბრძანდებით.
_ კი, ზვიადის ბიძაშვილი ვარ.
_ ხელშეკრულებით ხართ თუ არა აყვანილი და რამდენი თვით?
_ დიახ, როგორც აჰყავთ ხოლმე _ სამთვიანი ვადით,
_ როგორ ფიქრობთ, გაგიგრძელებენ ხელშეკრულებას?
_ არ ვიცი, ვნახოთ, როგორ შეაფასებენ ჩემს სამთვიან მუშაობას.
_ ბატონო ბიძინა, თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელი იყო მეოთხე სპეციალისტის დანიშვნა სოფელში თუ ახალი შტატის დაშვება პირადად თქვენთვის მოხდა?
_არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე მითხრეს, რომ გნიშნავთო.
_ ბატონო ბიძინა, რა გითხრეს, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული თქვენთვის შტატის დაშვება?
_ მე ვიყავი გამოცდილი სოფლის მეურნეობის დარგში. სანამ სამსახურს დავიწყებდი, მივიღე სოფლის პროგრამაში მონაწილეობა. ჩემი მუშაობა შეაფასეს დადებითად, დავაკმაყოფილე ზუსტად ის მოთხოვნები, რაც დასაქმებისთვის იყო აუცილებელი და ამის საფუძველზე დამაწყებინეს მუშაობა. ეგ იყო და ეგ.
_ ბატონი ზვიადი არ დაგეხმარათ?
_ სიმართლე გითხრათ, ჩემი თავი დამეხმარა.