პროცესზე დღეს ბრალდების მხარემ 74-ტომიანი სისხლის სამართლის საქმე წარადგინა, სადაც 4500 მოწმის სიაა. როგორც აღმოჩნდა, ბრალდების მხარეს მტკიცებულებად მოწმეთა ჩვენებები აქვს, თუმცა, როგორც პროკურორი ნათია სონღულაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, ბრალდების მხარეს მტკიცებულებად ასევე გააჩნია შესაბამისი დოკუმენტაცია, თუ როგორ უხდიდნენ თანხას მოქალაქეებს წინასაარჩევნოდ.
“მოწმის სახით გამოსაძახებელია 4500-ს ადამიანამდე, რომელთა დაკითხვასაც სასამართლოში ბრალდების მხარე აპირებს. დღევანდელ სხდომაზე დაიწყო ჩვენი მტკიცებულებების გამოკვლევა, რომლის დასრულების შემდეგაც დავიწყებთ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას. ჩვენ წარმოვადგინეთ საკმაოდ დიდი მოცულობის მტკიცებულებათა ჩამონათვალი _ 262 ფურცელი, რომელთა საკმაო მოცულობითი ნაწილი უკვე გამოიკვლია ბრალდებამ და წარუდგინა სასამართლოს. მომდევნო სხდომაზე, სავარაუდოდ, დავამთავრებთ მტკიცებულებების გამოკვლევას,” _ აღნიშნა პროკურორმა სონღულაშვილმა
პროკურორ ნათია სონღულაშვილის განცხადებით, შესაძლოა მტკიცებულებათა გარკვეულ ნაწილზე არ იდავონ: “ჩვენ, რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, რომ ყველა მოწმე დავკითხოთ. თუმცა, დაცვის მხარეს საპროცესო კანონმდებლობა უფლებას აძლევს, გარკვეულ მტკიცებულებებზე ჩვენ შეგვითანხმდეს. არ გახადოს სადავო, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული მტკიცებულებები, თუ ასეთი შეთანხმება მოხდება, სასამართლო პროცესზე არ იქნება გამოკვლეული. ჩვენ დროში შეზღუდულობის გამო, შეგვიძლია გამოვყოთ და გამოვკვეთოთ ის ძირითადი მოწმეები, რომლებიც კონკრეტულად ასახელებენ წარმოდგენილი ბრალდებულების დანაშაულს, იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მათთვის ცნობილია და შესაძლებელი არის ამ 4 ათასი ადამიანიდან გამოიყოს, დავუშვათ 1 000. ამას გადავწყვეტთ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით,” _ განაცხადა ბრალდების მხარის წარმომადგენელმა ნათია სონღულაშვილმა.