“ეს ჩვეულებრივი პროცესია, სამართლებრივი პროცედურაა და გავყვებით სქემას. ოღონდ, რა თქმა უნდა, მძიმე დანაშაული ამაში არ შედის. არსებობს დანაშაულობების ჩამონათვალი და ჩვენ ხელაღებით მკვლელებს და მძიმე დამნაშავეებს არ მოვუხსნით, მაგრამ დანარჩენებს _ რა თქმა უნდა”.
ჯერ უცნობია, როდის მოეხსნებათ ნასამართლობა და პირობითი მსჯავრი იმ პირებს, რომლებმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადები მიხეილ სააკაშვილის ინდივიდუალური შეწყალების აქტის საფუძველზე შეიტანეს. ამ დრომდე, ნასამართლობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნის თხოვნით პრეზიდენტს 14 ათას 926-მა პირმა მიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, განმცხადებელ პირთა განაჩენებს ადმინისტრაცია სასჯელაღსრულების სამინისტროსგან გამოითხოვს, გადაამოწმებს და ამის შემდეგ მოხდება შეწყალების აღსრულება. თუმცა, დღეისათვის ვერ აკონკრეტებენ, თუ რა ვადები დასჭირდება შეწყალების მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილებას.
ცნობისთვის, ავლაბრის რეზიდენციაში შეწყალების მსურველთა რეგისტრაცია ამ დრომდე გრძელდება.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირობითი მსჯავრისა და ნასამართლობის მოხსნის გადაწყვეტილებაზე განცხადება 19 აგვისტოს გააკეთა.
პრეზიდენტის ინიციატივა არ შეეხებათ პირებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული სახელმწიფოს ან კაცობრიობის წინააღმდეგ, ასევე, მათ, ვინც გასამართლებულია პედოფილიის ან განზრახ მკვლელობის საფუძველზე.
კერძოდ _ პირებს, რომლებიც გასამართლდნენ შემდეგი მუხლების მიხედვით: მუხ. 108 – განზრახ მკვლელობა; მუხ. 109 – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში; მუხ. 112 – დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა; მუხ. 140 – სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან; მუხ. 1431 – ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი); მუხ. 1432 – არასრულწლოვანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი); მუხ. 1433 – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა; მუხ. 1441 – წამება; მუხ. 2231 – ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა; მუხ. 229 – აფეთქება; მუხ. 232 – ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება; მუხ. 234 – საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიული, ტოქსიკური, სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენის ტრანზიტი ან იმპორტი; მუხ. 2551 – არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონო დამზადებასა და გასაღებაში; სსსკ – ის მე-11 კარის (დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ) – XXXVII, XXXVII1 და XXXVIII თავებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გასამართლებულ პირებს. ნასამართლობის მოხსნა ასევე არ შეეხებათ სსსკ მე-14 კარით (დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ) გასამართლებულ პირებს.