არველაძის თქმით, მან არ იცოდა, რომ კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული, რაც ხიდაშელმა უპასუხოდ არ დატოვა.
“მე დიდი ხნის წინ მოგწერეთ თქვენ, რომ კომისიაზე იყავით დაბარებული და როცა რაღაც საკითხებზე სამსჯელოდ მოდიხართ, ცოტა მომზადებული უნდა იყოთ. არ მიიღება ეს მიზეზი,” _ უპასუხა ხიდაშელმა.
დეპუტატმა არველაძეს “კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის” ნაციონალ წევრ კარლო კვიტაიშვილსა და მასზე გაცემულ პრემიებზეც ჰკითხა.
ხიდაშელი დაინტერესდა, თუ რის საფუძველზე იღებდა კვიტაიშვილი პრემიებს, ან განსაკუთრებულს რას აკეთებდა ის კომისიისთვის, მაშინ, როცა სრულიად სხვა ორგანოში მუშაობდა და სამუშაო დროის ძირითად ნაწილს სხვა სამსახურში ატარებდა.
“ამ ფონზე კი, კომისიის ერთ-ერთ წევრს გოგიტა ფრუიძეს პრემიის სახით ანაზღაურება არასდროს მიუღია. რა იყო ამის მიზეზი – ფრუიძის განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება თუ ის, რომ ჟურნალისტ ნათია ლაზაშვილის ქმარი იყო და ერთგვარ ოპოზიციად მოიზარებოდა?!” _ განაცხადა ხიდაშელმა, რაზეც არველაძემ აღიარა, რომ კარლო კვიტაიშვილზე პრემიებს სუბიექტური მიზეზების გამო გასცემდა და ეს მხლოდ ორჯერ მოხდა.
“ამ შემთხვევაში სუბიექტური ვიყავი. გოგიტა ფრუიძემ კარგად იცოდა, რატომ არ ვაძლევდი მას პრემიებს,” _ განაცხადა არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ “კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” საქმიანობის შემსწავლელი კომისია კომპანიების საჩივრების საჯარო განხილვას ისევ განაგრძობს და ხვალ დილიდან ტელეკომპნაია “ალანიას” შეასახებ საჯარო მოსმენები საგამოძიებო კომისიაში კვლავ განახლდება.