ორგანიზაციის ინორმაციით, ქუთაისის მე–11 მერი, დიმიტრი კოპალიანი იყო და მან პოსტი 98 დღის განმავლობაში შეინარჩუნა. აქედან 37 დღე შვებულებაში იმყოფებოდა. სულ ანაზღაურების სახით მიღებული აქვს – 7963.17 ლარი, მათ შორის პრემია – 2750 ლარის ოდენობით.
“მისი მმართველობის დროს დაიწყო თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის რეორგანიზაცია და შტატების შემცირება. აღნიშნულ პერიოდში სამსახურიდან დაითხოვეს 86 თანამშრომელი, ხოლო მერის 2 მოადგილე დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლით გაათავისუფლა თანამდებობიდან. თუმცა, რეორგანიზაციიდან ძალიან მოკლე პერიოდში მერიამ სხვადასხვა სამსახურში 96 ადამიანი დაასაქმა.
რაც შეეხება რეორგანიზაციის კანონიერებას, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლებულთა სარჩელები, სადაც ისინი თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდნენ, სრულად დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის მერიის საშტატო ერთეული კიდევ რამდენიმე ათეულით გაიზრდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისის მერი უნდობლობას უცხადებდა მერიაში მომუშავე სხვადასხვა თანამდებობის პირებს და მათი საქმიანობის შესწავლას მოითხოვდა. მას ასევე სურდა მრჩეველთა საბჭოს შექმნა, რომელიც უშუალოდ მერისათვის მოამზადებდა ექსპერტულ დასკვნებს სხვადასხვა საკითხებზე.
2013 წლის 13 სექტემბერს დიმიტრი კოპალიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მერის მოვალეობის შემსრულებელი 2-ჯერ შეიცვალა. პირველად მერის თანამდებობა ერთ-ერთმა ვიცე მერმა კოტე ლომიძემ დაიკავა, რომელიც 30 სექტემბერს მეორე ვიცე მერმა თენგიზ თოფურიძემ ჩაანაცვლა. როგორც თავად კოტე ლომიძე აცხადებს, გადანაცვლება განპირობებულია მის მიერ ქალაქის მერის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილით, თუმცა კონკურსი ამ დრომდე არ გამოცხადებულა და არც კანონმდებლობა უკრძალავდა კოტე ლომიძეს ყოფილიყო მერის მოვალეობის შემსრულებელი კონკურსის გამოცხადებამდე.
მიგვაჩნია, რომ ქალაქის მერის ხშირი ცვლილება, ასევე შესაბამისი გამოცდილების არმქონე პირის მერის პოსტზე დანიშვნა აფერხებს ქალაქის განვითარებას და მერიის სამსახურების საქმიანობას, ასევე უარყოფითად აისახება მიმდინარე პროექტების განხორციელებაზე.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს ქუთაისის საკრებულოს გამჭვირვალე გახადოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობა, დააკომპლექტოს იგი შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე წევრებით, რათა სწორად იქნეს შერჩეული სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირები ქალაქის მერის თანამდებობის დასაკავებლად”, _ აღნიშნულია განცხადებაში.