სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით ნატროშვილმა, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ ციტრუსის მწარმოებლებს გააცნეს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა. წელს აჭარის რეგიონში მანდარინის გადამამუშავებელი და შემფუთავი 30-მდე საწარმო ამოქმედდება. დაგეგმილია შპონისა და პლასტმასის ყუთების დამამზადებელი საწარმოების გახსნაც. ყუთის ტევადობა 12-15 კგ იქნება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს ციტრუსის სეზონი წარმატებულად განხორციელდება. აჭარის რეგიონში 110 ათას ტონაზე მეტ ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. გაფართოვდა ციტრუსის საექსპორტო არეალიც და მანადარინის, ლიმნის, ასევე ხურმის რეალიზაცია პრობლემა აღარ იქნება.