ეუთოს სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ დარღვევები ნაკლებადაა:
_ ამ არჩევნებს ყველა გასულ არჩევნებს ადარებს, თუმცა, ჩვენ არა. ჩვენ უშუალოდ საპრეზიდენტო არჩევნებს და მის წინაპერიოდს ვაკვირდებით, რომელიც დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს, _ აღნიშნავენ “გურია ნიუსთან” საუბრისას ეუთოს სადამკვირებლო მისიის ხელმძღვანელები, რომლებიც დასძენენ, რომ პროცესები მშვიდ გარემოში, რიგი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.
დარღვევების უმეტესი ნაწილი, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სადამკვირებლო ორგანიზაციების ინფორმაციით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მოდის. თუმცა, მმართველო ძალა ამას უარყოფს და შესაბამისად არ რეაგირებს.
შესაბამისი ფოტო და აუდიო მტკიცებულება ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდა და საია-მ ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარიც შეიტანა. თუმცა, ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თემურ კუტუბიძის ოფიციალური პასუხიდან გაირკვა, რომ “დაუდგენელია ფოტოზე აღბეჭდილი ტერიტორიის იდენტურობა შეხვედრის ადგილთან.”
უფრო მეტი კონკრეტიკისთვის და “იდენტურობის დასადგენად” ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიას მარგველაშვილთან შეხვედრაზე პოლიციის მაღალჩინოსნების ყოფნის ამსახველ ფოტო მასალას კიდევ ამჯერად, სხვა რაკურსიდან გადაღებული შევთავაზეთ, თუმცა, ეს ფოტომასალას, წინას მსგავსად რეაგირების გარეშე დარჩა.
რეაგირება არც იმ ვიდეო მასალას მოყოლია, რომელშიც, პოლიციელი ქართული ოცნების დროშას აფრიალებდა.
როგორც გავარკვიეთ ამ ეტაპისთვის ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიას არცერთი საჩივარი არ დაუკმაყოფილებია. მათ შორის არც ის, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების უმრავლესობა 4 საათზე იხურება და კომისიის წევრების უმეტესობა უბნებზე არ იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში ძირითადად ახალი სახეებია. თუმცა, გვხვდებიან ისეთებიც, რომლებსაც არჩევნების დიდი გამოცდილება აქვს. მათ შორის ოქმების ჩასწორების.
2012 წლის 2 ოქტომბერს, ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში, #04 ამაღლების საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლიანა სიხარულიძემ და ამავე კომისიის მდივანმა დარეჯან ჩხიკვიშვილმა, დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების თვალწინ სხდომის ოქმი კალმით ჩაასწორა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ეს ქმედება 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა, საოლქო ჩხიკვიშვილისა და სიხარულიძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომით _ შენიშვნით დაკმაყოფილდა.
ლიანა სიხარულიძე დღეს ისევ კომისიის წევრია. ისევ ამაღლებაში. ოღონდ თავმჯდომარის ნაცვლად მდივნის თანამდებობა აქვს. როგორც გავარკვიეთ ის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნული წევრია.
ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თემურ კუტუბიძე ამბობს, რომ სიხარულიძის მდივნად დანიშვნას კანონი არ ზღუდავს:
_ მართალია, კანონი ამ შემთხვევაში მას არ ზღუდავს, თუმცა, მართებულად არ მიმაჩნია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, დიმიტრი კორიფაძეს ოფიციალურად მივწერეთ და ვაცნობეთ, რომ მათ მიერ დანიშნულ წევრს შენიშვნა ჰქონდა მიღებული, თუმცა, პასუხიც არ მიგვიღია, _ ამბობს კუტუბიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას.
კუტუბიძე დასძენს, რომ შენიშვნა მიღებული პირები სხვა საუბნო საარჩევნო კომისიებში არ არიან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, როგორც წინა წლებში, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც აკვირდება. საია-ს ოზურგეთის ოფისის ხელმძღავნელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით წინასაარჩევნო მონიტორინგი საიამ არჩევნების დანიშვნის დღიდან დაიწყო.
_ საიას ოზურგეთის ოფისის მიერ გამოვლინდა საარჩევნო კანონმდებლობის არაერთი დარღვევა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ წინა წლებთან შედარებით დარღვევები ჯერ-ჯერობით აშკარად ნაკლებია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ტრაპაიძემ.