როგორც გავარკვიეთ, რამდენიმე მათგანს სათავეში ის ბიზნესმენები უდგანან, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” იგივდებოდნენ და აწ უკვე მმართველ გუნდს აფინანსებდნენ. მათ შორის არის ჩოხატაურის ყოფილი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე, რომლის გვარიც “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეში ფიგურირების. ჩიგოგიძე ამბობს, რომ სქემის საქმის კურსში ბანკიც იყო, თუმცა “ქართუ ბანკის” ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი ჩიგოგიძის ნათქვამს არ ადასტურებს და “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობდა, რომ “ბიზესმენებს ახლა სურთ “მამა აბრამის ბატკნები” აღმოჩნდნენ.
რამდენად შეძლეს ბიზნესმენებმა “მამა აბრამის ბატკნად” გადაქცევა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა ის, რომ ამ ბიზნესმენების ნაწილი დღეს მარგველაშვილის მხარდამჭერთა დარბაზს ქმნის, ბევრ შეკითხვას თავისთავად სცემს პასუხს.
_ ეს არის ჩვეულებრივი, საზოგადოებრივი დარბაზი მარგველაშვილის მხარადმჭერთა, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ვასილ ჩიგოგიძე და დასძენს, რომ დარბაზს პარტიასთან არავითარი შეხება არ აქვს.
_ ბატონო ვასილ, ამ დარბაზში ხდება მხარდამჭერთა შეხვედრები, აგიტაცია….
_ რა აგიტაციები, ვისაც მხარდაჭერა უნდა და ერთმანეთის ნახვა, საუბარი, ისინი მოდიან. სხვა შეხვედრები არ ხდება მაქ.
_ ვისი ფინანსებით ფუნქციონირებს ეს დარბაზი?
_ რად უნდა მაგ დარბაზს ფინანსები?!
_ თქვენ ხართ ის ბიზნესმენი, რომელიც წლების წინ აფინანსებდა “ნაციონალურ მოძრაობას”. თქვენს მსგავსად, სხვა მუნიციპალიტეტებშიც ის ადმიანები არიან მარგველაშვილის მხარდამჭერთა დარბაზის დამფუძნებლები, რომლებიც “ნაციონალების” დამფინანსებელ ბიზნესმენებად მიიჩნეოდნენ… ამ ყველაფერზე რას გვეტყვით?
– დარბაზიდან რა დაფინანსება ხდება, მითხარით თუ რაიმე იცით.
_ მაგის გარკვევას ვცდილობთ ჩვენც…
_ თქვენ გაქვთ ინფორმაცია რომ დარბაზი არჩევნებს აფინანსებს? დაფინანსება თუ ხდებოდა უწინ, ხდებოდა სხვანაირი გზით. მაგას ერქვა ფულის შეწერვა.
_ ახლა გამოითქვა ვარაუდი, რომ ამ დარბაზების შექმნით, “ქართული ოცნება” განსხვავებული გზით ცდილობს ბიზნესმენების გამოყენებას….
_ არა, ვისაც უნდა რომ სიტუაცია დალაგდეს, ის ადამიანებია დარბაზში გაერთიანებული. მე პირადად მიმაჩნია, რომ ოცნების მოსვლა მთავრობაში კარგია და სწორ მომავლს ვხედავ. არ იქნება ის, რაც ადრე _ ქონების წართმევა, ზეწოლა.
_ დიდი ხანია მხარს უჭერთ “ქართულ ოცნებას”?
_ მაშინაც ვუჭერდი როცა არჩევნები იყო. თქვენ არ გიმალავთ და გეუბნებით.
_ თუმცა, მაინც გიწევდათ “ნაციონალური მოძრაობის” დაფინანსება?
_ მე წინა არჩევნები არ დამიფინანსებია იმიტომ, რომ ჩოხატაურში შენობა წამართვეს და იცით ჩემი დამოკიდებულება იმ ადამიანებთან, ვინც მაგათ აფინანსებდა. გაგრძელებაც იცით.
_ მხოლოდ შენობის წართმევა გახდა იმის საფუძველი, რომ შარშან “ნაციონალური მოძრაობა” აღარ დააფინანსეთ?
_ შენობის წართმევამდე დაკავებული ვიყავი, საპროცესოები მქონდა და ისე, რომ არაფერ შუაში არ ვიყავი დამაკავეს.
_ თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, იარაღის შენახვის გამო დაგაკავეს…
_ არა, ვითომ, მიწა დავიტაცე. ამაზე აღძრეს საქმე და დამაკავეს.
_ ჩოხატაურში წართმეული შენობის დაბრუნებას აპირებთ?
_ იქ კულტურის სახლი უნდა აშენდეს და ამის გამო არ ვითხოვ იმ თანხას. თუ მოვითხოვ, არ მაქვს გადაწყვეტილი, ისევ ჩოხატაურს მოვახმარ რაღაც პროექტს. თუმცა, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი.
_ მე კიდევ ბევრი შენობა მაქვს გადაცემული.
_ თუ ამის გამო მხარს არ უჭერდით, მაშინვე რატომ არ დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება?
_ მაგის გამო კი არა, მათი ცხოვრების და საქციელის გამო არ ვუჭერდი მხარს. ამის თქმა მინდა, თორემ შენობა რომ დავუთმე კულტურის სახლს, ეს არაფერ შუაშია. შენობის წართმევა არაფერია. მთავარი იყო ქვეყანა ემართათ სწორად. ადრეც წამართვეს შენობა, მაგრამ მაინც ვუჭერდი მხარს. ვფიქრობდი, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა, მაგრამ ეს გლობალურში არ უნდა გადავიდეს.
_ ვასილ ჩიგოგიძისთვის მისაღები არიან თუ არა ის ადამიანები, რომლებიც “ნაციონალების” მხარდასაჭერად აქტიურობდნენ. იჭერდნენ, არბევდნენ, მედიას ხელს უშლიდნენ… ამ ადამიანების, თუნდაც მამუკა დოლიძის, თემურ ხუხუნაიშვილის, ანტონ ხუნდაძის დარბაზში ყოფნა მარგველაშვილის მხარდასაჭერად მოგწონთ?
_ ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ მამუკა დოლიძე ვინმეს არბევდა.
_ მამუკა დოლიძე ის ადამიანია, რომელიც ჩართულ მიკროფონში ჟურნალისტებს აგინებდა და ეს ყველაფერი მთელმა საქართველომ ნახა…
_ მამუკას გამგებლობის დროს კამერასთან თუ მოუვიდა რამე ეგ არაფერი (?!). ის პატიოსანი ადამიანია. ნეტავ ბევრი იყოს მასეთი ჩოხატაურში. იმის გამო, რომ “ნაციონალების” დროს გამგებლად დაინიშნა, ნაციონალად ვერ აღვიქვამ. ჩემო ნატო, ჩოხატაურში ვისაც თქვენ თვლით “ნაციონალად”, არცერთი არ ყოფილა “ნაციონალი”. მანდ სამი იყო “ნაციონალი”.
_ ვის გულისხმობთ?
– შეიძლება ისეთი ადამიანი, რომელიც ოცნებაშია. “ნაციონალების” ეტიკეტს ნუ მიაწერენ იმის გამო, რომ საკრებულოში ნორმალური ადამიანი იყო. მე ასე არ ვუყურებ. მთავარია, ადამიანი იყოს პატიოსანი, ავტორიტეტული და რომელ პარტიაშიც უნდა, იმაში იყოს.
_ ვის გულისხმობთ იმ სამ “ნაციონალში”?
_ გვარები არ მახსოვს, მაგრამ ვინც იყვნენ მაშინ, იმ პერიოდში.
_ მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ირკალი კუჭავას ხომ არ გულისხმობთ?
– არა. მე როგორც ვიცი, იგი თავიდან ჟვანია-ბურჯანაძის პარტიაში იყო. მერე იმ კაცს თავისი სამსახური ჰქონდა და მგონი, პარტიულ მოძრაობაში არ იყო ჩართული.
_ საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეზე, ანტონ ხუნდაძეზე რას გვეტყვით?
_ ხუნდაძეს, როგორც “ნაციონალს” ვერ განვიხილავ. ის თუ ღიად უჭერს მარგველაშვილს მხარს, სწორი გადაწყვეტილება მიუღია.
_ ხომ, მაგრამ ის “მოქალაქეთა კავშირსაც” აქტიურად უჭერდა მხარს, შემდეგ _ “ნაციონალურ მოძრაობას”…
_ “ნაციონალებმა” ნახეს, რომ ის კარგი ადამიანია, რომ შეუძლია რაღაცის მართვა და აირჩიეს საკრებულოში.
_ ჩვენ ეს პროცესები კარგად გვახსოვს და ხუნდაძეზე “არჩეულია” ზედმეტი ნათქვამია. ის რამაზ ნიკოლაიშვილმა პირდაპირ დანიშნა… იმ ადამიანმა, რომელთანაც ახლა უკვე დაძაბული ურთიერთობა გაქვთ და ამბობთ, რომ მის გამო არ დააფინანსეთ “ნაციონალები”…
_ ამის გამო კი არა, ნიკოლაიშვილი ჩამოვიდა, მოეწონა და დანიშნა. აბა ნიკოლაიშვილის მეგობარი არ მეგულება მე გურიაში. შეიძლება “ნაციონალებს” ფული არჩევნებზე გამოერთვათ, მაგრამ ის, რომ მათ ვუჭერდი მხარს, აბსურდია, _ ამბობს ჩიგოგიძე და დასძენს, რომ გასულ არჩევნებზე კანონს საშუალება რომ მიეცა, დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს. ჩიგოგიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში მაინც მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა.
ჩიგოგიძის მსგავსად, თანამდებობრივ სურვილებს ღიად არ ამჟღავნებენ საზოგადოებრივი დარბაზის ხსვა წევრები და ამბობენ, რომ ამ ყველაფერს “უსასყიდლოდ, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის აკეთებენ”.
“გურია ნიუსს” სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სწორედ დარბაზთან მჭიდროდ დაკავშირებული ამ ადამიანების წრე, ჩოხატაურში “სიტუაციის დასალაგებლად” გამგებლის თანამდებობაზე სწორედ მამუკა დოლიძის დანიშვნას ლობირებს.
_ შენობა, პირადად ჩემი საკუთრებაა და მარგველაშვილის მხარდამჭერებისთვის ღიაა. ეს ერთგვარი შემოწირულობაა, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ლაშა გიორგაძე, რომელიც ჩოხატაურში იმ ფართის მფლობელია, სადაც მარგველაშვილის მხარდამჭერთა დარბაზია განთავსებული. სხვათაშორის, ეს ის შენობაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის (UშAID) გრანტით, ჩოხატაურელ ფერმერთა დასახმარებლად აიგო, თუმცა, სულ სამიოდე თვეში რესტორნად გადაკეთდა. საგულისხმოა ისიც, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ მხოლოდ შენობის აგების შემდეგ გამოიტანა სახელმწიფოს კუთვნილი ეს მიწის ნაკვეთი გასაყიდად. “ნაციონალების“ დროს და ხელშეწყობით უკანონოდ აგებული შენობა, რომლის შესახებაც ჩვენ მაშინაც ვწერდით, დღეს “ქართული ოცნების“ და არა საკუთარი ინტერესებისთვის “მოღვაწეთა“ სამსახურშია (ამის შესახებ “გურია ნიუსი” ამერიკის ელჩს, ჯონ ბასსაც ესაუბრა და თემაზე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების ინგლისურენოვანი ვერსია გადასცა).
და რაც მთავარია, კანონის თანახმად, შემოწირულობაც კი, პარტიის დეკლარაციაში უნდა იყოს მითითებული, რაც, ამ შემთხვევაში, არ მომხდარა. როგორც “გურია ნიუსს” აუდიტის სამსახურში უთხრეს, ამ საკითხზე მოკვლევა აუცილებლად დაიწყება.
_ როდესაც შემოწირულობაა, ეს აუცილებლად უნდა იყოს ასახული პარტიის დეკლარაციაში. ამ შემთხვევაში კი, მსგავსი რამ არ არის. დასადგენია რა ორგანიზაციაა და რა ფორმით მონაწილეობს აგიტაციაში, ასევე, გასარკვევია ფინანსებიც. ამ ყველაფრის მოკვლევას დავიწყებთ, _ გვითხრეს აუდიტის სამსახურში.
აღსანიშნავია, რომ დარბაზის მუშაობაში მონაწილეობას კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიებიც იღებენ. ჩვენი იქ სტუმრობისას, “მრეწველების”, “ეროვნულ-დემოკრატების” და “რესპუბლიკელების” რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაგვხვდნენ. თუმცა, საზოგადოებრივი დარბაზის გახსნას მარგველაშვილის ოფიციალური საარჩევნო შტაბის მუშაობაში ჯერჯერობით რღვევა არ გამოუწვევია, რასაც შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კუჭავას “გურია ნიუსთან” ორიოდე დღის წინ გაკეთებული კომენტარიც ადასტურებს.
_ თავად საზოგადოებრივი დარბაზების გახსნა რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ არ გახლავთ კანონდარღვევა, მაგრამ თუ ასეთი დარბაზი ეწევა რაიმე ანაზღაურებად მოქმედებას, ახორციელებს შემოწირულობას, თავად ბეჭდავს და ავრცელებს საარჩევნო დანიშნულების სააგიტაციო მასალას და აღნიშნული მოქმედებები არ ექვემდებარება მხოლოდ ერთი საარჩევნო ფონდის რესურსებს განკუთვნილი ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის, რა თქმა უნდა იკვეთება საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა, კერძოდ, ირღვევა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლით დადგენილი ყველა ნორმა, რომელთაგან ერთ-ერთი ამბობს რომ “დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს შესაბამისი ფონდის სახსრების გარდა, სხვა სახსრების გამოყენება“.
გარდა ამისა, იმავე კოდექსის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი საარჩევნო სუბიექტს ავალდებულებს საარჩევნო რეგისტრაციის მომენტიდან 3 კვირაში ერთხელ, დადგენილი ფორმების მიხედვით, გამოაქვეყნოს ინფორმაცია შემოწირულობის წყაროს, ოდენობისა და მიღების თარიღის მითითებით. ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს, საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ინფორმაცია მატერიალური თუ ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, უნდა იქნეს გასაჯაროებული და მისი უგულვებელყოფაც, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი ლევან ხინთიბიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველოში” კი ამბობენ, რომ ეს საკითხი აუდიტის სამსახურმა აუცილებლად უნდა შეისწავლოს, რადგან ბევრი რამ კითხვის ნიშანს ბადებს.