“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში ამ საკითხთან დაკავშირებით კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი კვერღელიძემ პრესკონფერენცია გამართა.
“ეს არის ძალიან გამორჩეული არჩევნები თავისი ფორმით, დემოკრატიულად მიმდინარეობს ყველა პროცესი. არანაირი ზეწოლა არცერთ ამომრჩეველზე არ ყოფილა, არანაირი ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული არ ყოფილა და ალბათ ეს პირველი შემთხვევა არის საქართველოს ისტორიაში, რომ ასე დემოკრატიულად მივდივართ არჩევნებამდე და გაძლევთ გარანტიას არჩევნების დღეც იქნება დემოკრატიული და გამჭირვალე.
ვერაფრით ვერ დავტოვებ გუშინდელ ფაქტს კომენტარის გარეშე, რომელიც მოხდა ნატანებში და გაშუქდა მედიაში. ოზურგეთში ტიტე ბაქანიძისსნაირი მხარდამჭერები გვყავს 27 000 ათასი, აქედან გამომდინარე მას არანაირი ოფიციალური შეხება ჩვენს შტაბთან არ აქვს, რაიმე სტატუსი მას არ გააჩნია. ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ხაზგასმით – ნურავინ ნუ ცდილობს დაადანაშაულოს ოზურგეთის შტაბი იმაში, რომ რაიმე ფორმით ან რაიმე დოზით ამომრჩეველის მუქარას ცდილობს, ეს არის ტყუილი. ჩვენ მადლობელი ვარ აქტიურობისკენ, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ეს აქტიურობა საზიანოდ გამოუვიდოდეს, საჯარო მოხელე იქნება თუ ჩვენი მხარდამჭერი, ვინც თვითნებურად მოქმედებს ყველა ადამიანი ქცევაში დამოუკიდებელი არის. ასე, რომ ჩვენ ადამიანების ქცევებზე, რა თქმა უნდა, პასუხს არ ვაგებთ. როგორც კადრებიდან ჩანს ზედმეტიც კი იყო ასეთი ფორმით ადამიანთან საუბარი.
_ ტიტე ბაქანიძე ამომრჩეველს ეუბნება, რომ ბიულეტენის მეორე გვერდზე უნდა დაწეროს “უფალო შეგვიწყალე”, ასევე იმასაც ამბობს, რასაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა ისე გრძელდება ყველაფერიო. ამასთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებდით?
_ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ბატონ ტიტე ბაქანიძეს არანაირი უფლება არ აქვს “ქართული ოცნების” სახელით ილაპარაკოს და არ ქონდა უფლება ასე ელაპარაკა. ეს იყო მისი თვითნებურად გამოხატულება და აქ შტაბი არაფერ შუაში არ არის. ოფიციალური შტაბი არსებობს ერთი, რომელიც არის ქალაქში. რა თქმა უნდა, ამ ადამიანმა გადააჭარბა. მას არ ჰქონდა უფლება “ქართული ოცნების” სახელით ემოქმედა. მას შეიძლებოდა უნდოდა ჩვენს მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა, მაგრამ ასეთი ქცევით ზიანს უფრო მოგვაყენებს, ვიდრე მხარს დაგვიჭერს. ყველა ადამიანს მინდა ვთხოვო, რომ ამ სამი დღის განმავლობაში იქონიონ მოთმინება და თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისკენ. ჩვენი მხარდაჭერა გამოიხატება იმაში, რომ მივიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ სწორი არჩევანი, _ განაცხადა დიმიტრი კვერღელიძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ რევიშვილი ამბობს, რომ ტიტე ბაქანიძემ საარჩევნო შტაბში დაიბარა მათი აქტივისტი და ფარულ ჩანაწერში ნათლად ჩანს, თუ როგორ ახდენდა მასზე ზეწოლას.
“კარგად ჩანს ვიდეოში, რომ ის ტიტე ბაქანიძე იყო. შემდეგ ისმის ხმა არამარტო ეთოს ოჯახი, არამედ 90 ოჯახი არის ნატანებში, რომელმაც გაურკვეველი პოზიცია აჩვენა კარდაკარის დროს და ბაქანიძემ მოითხოვა, რომ 41 ნომრის შემოხაზვის დროს ბიულეტენის მეორე მხარეს უნდა დაეწერა “უფალო შეგვიწყალე”. ჩვენ ვგმობთ ასეთ ქმედებას. ეს არის ამომრჩეველზე ზეწოლა. ის 60 პროცენტი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა და გიორგი მარგველაშვილმა დაანონსა წინასწარ, აი, ახლა ვხვდებით თუ რა სქემით აპირებენ მის მოპოვებას,” _ უთხრა ოთარ რევიშვილმა “გურია ნიუსს”.