“ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არის, ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოსთვის ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში. სამხრეთ ამერიკის რეგიონის ლიდერი ქვეყანა მკაფიოდ და მტკიცედ ადასტურებს, რომ არასოდეს დაუჭერს მხარს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას,” _ აღინიშნა ბრაზილია-საქართველოს დელეგაციების შეხვედრებისას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ბრაზილიის მხარის მიწვევით 3-6 ნოემბერს ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველო-ბრაზილიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ანი მიროტაძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ნიკოლაიშვილი.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტ რენან კალეიროსთან, დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტ ანდრე ვარგასთან, დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნელსონ პელეგრინოსთან და საქართველო-ბრაზილიის მეგობართა ჯგუფის წევრ სენატორებთან ალისიო ნუნესსა და ლუის ენრიკესთან. დელეგაციის წევრებს ასევე უმასპინძლა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ანტონიო კარლოს პარანიოსმა. შეხვედრების დროს, საქართველოს დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ბრაზილიის ხელისუფლებას თანადგომისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერისათვის.
“საქართველო ძალიან აფასებს თქვენს მტკიცე და მნიშვნელოვან პოზიციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია მეზობელი ქვეყნის, რუსეთის მიერ და ეს პროცესი, “მცოცავი ოკუპაციის” გზით, დღემდე გრძელდება. ჩვენი სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე დღესაც მიმდინარეობს მავთულხლართების გავლება და ჩვენი მიწების მიტაცება. ეს უმძიმესი საკითხია ჩვენთვის. რუსეთის უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. ამგვარი საგანგაშო ვითარების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ადგილები, რამაც წარმოქმნა იძულებით გადაადგოლებულ პირთა ახალი ტალღა. საქართველოს ახალი ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, მაგრამ ჯერჯერობით, ეს შეუძლებელია. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზით, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს შეურიგდება ოკუპაციას. ვიცი, რომ ბრაზილია საქართველოს იმ მეგობარ ქვეყანათა შორისაა, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და დეოკუპაციას. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ მხარდაჭერისათვის და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით, ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდება. გარდა ამისა, საქართველო მზად არის, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მრავალმხრივი და მჭიდრო თანამშრომლობითვის,” _ განაცხადა მანანა კობახიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ბრაზილია მომავალ წელს მხარს დაუჭერს “აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” გაეროს რეზოლუციას.
“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რეზოლუციის წმინდა ჰუმანიტარული ხასიათისა და მზარდი საერთაშორისო მხარდაჭერის გათვალისწინებით, გადახედავთ თქვენს პოზიციას და მხარს დაუჭერთ მას გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგ სესიაზე. რეგიონში თქვენი როლის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ თქვენი დადებითი პოზიცია სამაგალითო გახდება სხვა სახელმწიფოებისათვის,” _ განაცხადა მანანა კობახიძემ.
თავის მხრივ, ბრაზილიის ეროვნული კონგრესის სენატორებმა ქართული დელეგაციის წევრებს აღნიშნული საკითხით დაინტერესება და მხარდაჭერა აღუთქვეს.
“ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით ამ საკითხით და შევეკითხებით საგარეო საქმეთა მინისტრს, რატომ იკავებს თავს ჩვენი ქვეყანა ამ რეზოლუციის მხარდაჭერისაგან. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ თქვენი ქვეყნის პრობლემებს, რთულ გამოწვევებს ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპაციასთან დაკავშირებით და მინდა ხაზგასმით და მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ბრაზილია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თქვენი ქვეყნის წინაშე არსებულმა პრობლემებმა და სირთულეებმა თავის მხრივ განაპირობა და ხელი შეუწყო ბრაზილია-საქართველოს მეგობრობის შერეული ჯგუფის შექმნას. ეს ჯგუფი ზედა და ქვედა პალატის წარმომადგენელი სენატორებისაგან შედგება. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად დაგეხმაროთ თქვენი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაში,” _ განაცხადა ბრაზილია-საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელმა, სენატორმა ალოისიო ნუნესმა.
ბრაზილიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პრობლემები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები სამხრეთ ამერიკის რეგიონის ქვეყნების პერუს, ეკვადორის, კოლუმბიის, სურინამის, გაიანასა და ბოლივიის ელჩებსაც შეხვედნენ და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ბრაზილია-საქართველოს ოცწლიანი დიპლომატიური ურთიერობის განმავლობაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ისევე როგორც სამხრეთ ამერიკის რეგიონში, პირველად იმყოფებოდა. ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში დაიგეგმა ბრაზილიური მხარის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.
გარდა ამისა, სამხრეთ ამერიკის რეგიონული ტურნეს ფორმატში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს მომავალი წლის გაზაფხულზე ეწვევა.