საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებები საიამ სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოებში წარდგენილი 2 სარჩელიდან სრულად დაკმაყოფილდა 1 ადმინისტრაციული სარჩელი, 1 სარჩელი კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
“კონკრეტული დარღვევების დაფიქსირებასთან ერთად, გვსურს რამდენიმე ზოგად პოზიტიურ ტენდენციას გავუსვათ ხაზი:
• ცალკეული გამონაკლისების გარდა, საოლქო საარჩევნო კომისიები მოწოდებულნი იყვნენ, დეტალურად შეესწავლათ საიას მიერ წარდგენილი საჩივრები, მოეხდინათ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა და მტკიცებულებათა ჯეროვანი შესწავლა/შეფასება;
• საჩივრის განხილვაზე საოლქო საარჩევნო კომისიები იბარებდნენ საჩივარში მითითებულ მოწმეებს და ახდენდნენ მათ გამოკითხვას;
• განსხვავებით მანამდე არსებული პრაქტიკისგან, ცალკეული შემთხვევების გარდა, საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო დასაბუთებული. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვრცელ და არგუმენტირებულ დასაბუთებას მოიცავს, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტია;
• საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს არაერთი შემთხვევა, როდესაც საოლქო საარჩევნო ადმინისტრაცია პროაქტიულად, საკუთარი ინიციატივით სწავლობდა დარღვევის ფაქტებს და პასუხისმგებლობას აკისრებდა დამრღვევ პირებს, რის გამოც არაერთ შემთხვევაში საიას დამკვირვებლებმა საჩივარი აღარ წარადგინეს; საიას დამკვირვებლების განცხადებით, დადებით შეფასებას იმსახურებს კრწანისის #4 საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა, რომელიც განსაკუთრებული მოწესრიგებულობითა და საქმისადმი პროფესიული მიდგომით გამოირჩეოდა, ხოლო უარყოფით შეფასებას იმსახურებს გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა, რომელმაც საიას დამკვირვებლებს არ მისცა შესაძლებლობა, სრულფასოვანი მონიტორინგი განეხორციელებინათ. დასასრულს, საია გამოთქვამს იმედს, რომ წინამდებარე ინფორმაცია დაეხმარება საარჩევნო ადმინისტრაციას განამტკიცოს მიღწევები და აღმოფხვრას ხარვეზები, რომლებიც 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ახასიათებდა. აქვე გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომელიც, ჩვენი მოსაზრებით, ხელს შეუწყობს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გაუმჯობესებას:
• ვფიქრობთ, აუცილებელია, გაგრძელდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება განსაკუთრებით საარჩევნო დოკუმენტაციის შევსების წესებთან დაკავშირებით;
• არსებობს სპეციალური ტრენინგების ორგანიზების საჭიროება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსებასთან დაკავშირებით;
• მიზანშეწონილად მიგვაჩნია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსების სპეციალური წესის დადგენა;
• საჭიროა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიმართ კანონმდებლობით არსებული ჯარიმების წესის გადახედვა, მათი შემცირების მიზნით. არჩევნების შეჯამების შემდეგ საია წარმოადგენს მთლიან ანგარიშს, სადაც გაანალიზებული იქნება არჩევნების მთლიანი სურათი წინასაარჩევნო პერიოდის, კენჭისყრის დღის, დავების განხილვისა და არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის ჩათვლით. აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე საია საარჩევნო ადმინისტრაციასა და ხელისუფლებას მიაწვდის რეკომენდაციებს არჩევნების კიდევ უფრო დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით. საიას საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით “ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” (USAID), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს OSGF-ის, NDI-ის, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.”