პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საქართველოს კანოეს ფედერაციის პრეზიდენტმა – დავით ქაცარავამ ისაუბრა და აზერბაიჯანში მინგეჩაურის ტურნირზე ქართველი სპორტსმენების წარმატება შეაჯამა. ნაკრების წევრებმა მინგეჩაურის რეგატაზე 8 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. პრესკონფერენციაზე ასევე დაანონსდა 23-24 ნოემბერს თბილისში გასამართი საქართველოს თასის ეტაპი, რომელიც კუს ტბასა და გლდანის ტბაზე გაიმართება.
მედიასთან შეხვედრის მიმდინარეობისას გაფორმდა მემორანდუმი ფედერაციასა და სპორტულ კლუბ “ასპრიას” შორის. მემორანდუმზე ხელი დავით ქაცარავამ და “ასპრიას” დირექტორმა – ლევან ქაჯაიამ მოაწერეს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კანოეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 23-24 ნოემბერს თბილისში, გლდანის თეთრ ტბაზე და კუს ტბაზე გაიმართება საქართველოს თასი კანოე-კაიაკში, რომელიც წარმოადგენს წლის დასკვნით შეჯიბრს, სადაც გამოვლინდება 2013 წლის სეზონის საუკეთესო გუნდი.
საქართველოს თასის ფინალური ეტაპი ტარდება თბილისის მერიის 100% დაფინანსებით. ასევე ტურნირის მხარდამჭერები არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და სპორტკომპლექსი “ასპრია”.
კანოეს ეროვნული ფედერაციასა და “ასპრიას” შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, საქართველოს კანოეს ეროვნული ნაკრები ზამთრის ფიზიკურ მომზადებას გაივლის “ასპრიას” სპორტულ დარბაზებში.
საქართველოს თასის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს უპრეცენდენტოდ ბევრი სპორტსმენი – 96. ასევე მოწვეულები არიან აზერბაიჯანელი და სომეხი სპორტსმენები. მონაწილეების საერთო რაოდენობა 118-ია. 24 ნოემბერს გაიმართება საჩვენებელი მატჩი კანოე პოლოში, რომელიც ახალი, დინამიური და განვითარებადი სპორტის სახეობაა.
ასევე იგეგმება პარაკანოეს პირველი ტურნირის გამართვა, რომელშიც მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენები ერთობლივად მიიღებენ.