“ბევრი სამუშაო აქვს დღეს კოალიციას. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა პარლამენტში გამოსვლისას, სამი წელი დაგვრჩა ყველა იმ დაპირების შესასრულებლად, რაც ხალხმა ჩვენგან წინასაარჩევნოდ მიიღო, ამიტომ საჭიროა საქმეზე ორიენტირება და არ უნდა დავკარგოთ დრო. რაც შეეხება იმ კითხვას, რომელიც “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს არჩევის შემდეგ გაჩნდა მოსახლეობაში, თუ რატომ არ არიან “რესპუბლიკელები” პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში. ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან ყრილობაზე აირჩიეს “ქართული ოცნების” მმართველი საბჭო, რომელშიც მხოლოდ ამ პარტიის წევრები უნდა იყვნენ”.
ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ “რესპუბლიკური პარტიისთვის” მისაღებია თბილისის მერის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა. მას არ მიაჩნია საჭიროდ ამ ეტაპზე ნარმანიამ მინისტრის თანამდებობა დატოვოს.
“დავით ნარმანიამ თავისი ეფექტური მუშაობით ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო ერთ-ერთ წარმატებულ სამინისტროდ აქცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მერის პოსტზეც წარმატებულ მუშაობას გააგრძელებს. რაც შეეხება ამ ეტაპზე მის მიერ მინისტრის თანამდებობის დატოვებას, არ მიმაჩნია საჭიროდ იქამდე, სანამ არ გამოცხადდება არჩევნების დღე და არ დაიწყება წინასაარჩევნო სამზადისი. თუმცა, ყველაფერი დედაქალაქის მოსახლეობის გადასაწყვეტია, მერის არჩევა ხდება პირდაპირი წესით და სწორედ თბილისელებმა უნდა გადაწყვიტონ ვინ იქნება თბილისის მერი”.
სამნიძის განცხადებით, რესპუბლიკური პარტია გეგმავს გაძლიერებას და აღნიშნა, რომ კოალიციის სიძლიერეს მასში შემავალი თითოეული პარტიის სიძლიერე განაპირობებს და ყველა პარტია იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დააკისრა ხალხმა კოალიციას. თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიცია ერთიანად გადის და მისი დატოვებას არც ერთი პარტია არ გეგმავს.