ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივართან შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვიდა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომაზე. ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013 წელს წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზების გავლების ფაქტებზე.
“ერთსულოვნად ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზების გავლების მიუღებლობას და დაუშვებლობას. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ისე ნატო-ში ცალკეული ქვეყნების ელჩებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი, როგორც ორმხრივად, ისე სხვა მრავალმხრივ ფორმატებში დააფიქსირებენ თავიანთ მკაცრ და მტკიცე პოზიციას საოკუპაციო ხაზების გავლების თაობაზე,“ _ განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრაზე, ისევე, როგორც ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გამართულ სხდომაზე ნატო-ს წარმომადგენლების მხრიდან ერთხმად აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია მიმდინარე წლის განმავლობაში, პოზიტიურად შეფასდა წლიური ეროვნული პროგრამა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები. გამოითქვა იმედი, საქართველოს მხრიდან დაფიქსირებული პროგრესი შესაბამისად აისახება 2014 წელს დაგეგნილი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებში.
ნატო-ს გენერალურმა მდივნმა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში შეტანილი წვლილისათვის.
შეხვედრებზე, ასევე, ხაზი გაესვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირებისა და მომავალ წელს შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას.
ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გამართულ სხდომაზე სიტყვით, ასევე, გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.
ბრიუსელიდან ალექსი პეტრიაშვილი ლიტვაში, ქ. ვილნიუსში გამგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მუშაობაში.