შეხვედრაზე, “გენდერული თანასწორობის ქსელის” ხელმძღვანელმა მანანა მებუკემ, პროექტის კოორდინატორმა, მაია კუპრავა-შარვაშიძემ და ქსელის გურიის რეგიონის კოორდინატორმა ლალი ყაჭეიშვილმა ვრცლად ისაუბრეს იმის შესახებ, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოებში უფრო მეტი ქალი დეპუტატი უნდა შევიდეს ვიდრე ახლა არის.
” ჩვენ წარმოვადგენთ “გენდერული თანასწორობის ქსელს”, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს თბილისში და საქართველოს ათივე რეგიონში. გურიაში ჩამოსვლის მიზანი არის, რომ შევარჩიოთ აქტიური, ძლიერი ქალბატონები, რომლებსაც აქვს სურვილი, მოტივიცია და შესაბამისი რესურსები, რომ მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 2014 წელს უნდა ჩატარდეს.
ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რამდენი არის ასეთი ტიპის ქალები, რადგან შემდეგ დავეხმაროთ მათ გაძლიერებაში და შევძინოთ ის უნარჩვევები, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს ქალმა პოლიტიკოსმა. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ასევე პოლიტიკურ პარტიებთან”, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს მანანა მებუკემ.
“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ ნადირიძის თქმით, ის წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერი არის ქალი – ნინო ბურჯანაძე.
“მინდა ვთქვა, რომ აუცილებელია ქალის პოლიტიკაში ჩართვა. მე ვთვლი, ქალს შეუძლია რადიკალურად მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერ სიტუაციაში. დღეს საქართველოში არც თუ კარგი მაჩვენებელია ქალი პოლიტიკოსების ანუ ჩართულობის კუთხით დაბალი მაჩვენებლია და ეს აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ახლა მოდის თვითმმართველობის არჩევნები და ამ კუთხით უფრო მეტი გააქტიურება და ღონისძიებებია ჩასატარებელი. ჩვენ ვემხრობით ქალების გააქტიურებას პოლიტიკაში”, _ გვითხრა თამარ ნადირიძემ.
შეხვედრაზე ასევე შედგა პრეზენტაცია ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული „გენდერული თანასწორობის საქმოქალაქო კლუბის“.
შეხვედრა “გენდერული თანასწორობის ქსელის” ორგანიზებით მიმდინარეობს.