_ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ტარდება შეხვედრა იმ მწარმოებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და სპეციალისტებთან, რომლებიც ჩართულნი არიან რძისა და რძის პროდუქტების წარმოების სფეროში. სოფლის მეურნეობის სექტორში რძის პროდუქტების წარმოებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, განსაკუთრებით დღეს, რადგან შანსი გვეძლევა ქართული პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე – ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდეს, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის გამართვის მიზანს მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაზიარება, ფერმერთა ინფორმირებულობა, რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაში არსებული კანონმდებლობის დახვეწა წარმოადგენდა.
_ საქართველოში მერძევეობის განვირთარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ სექტორში ბევრი მიმართულება ერთად არის თავმოყრილი. ეს არის რძის პირველადი წარმოება, გადამუშავება, შემდგომ მზა პროდუქციის სარეალიზაციო დახლებზე განთავსება და სხვა. მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, ჩვენი ვალდებულებაა მთელი ჩვენი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ამ მიმართულებას მიეკუთვნება მაქსიმალურად ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ზურაბ ჩეკურაშვილმა.
შეხვედრაზე განიხილეს წარმოების სრული ჯაჭვი – “ფერმიდან სუფრამდე”. იმსჯელეს რძისა და რძის პროდუქტების უვნებლობასა და ხარისხზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისათვის გასატარებელ ღონისძიებებზე. განიხილეს არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის, სურსათისა და ცხოველის საკვების ინსპექტირების დეპარტამენტისა და ვეტერინარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა კანონმდებლობასთან, ინსპექტირებასა და სააგენტოს პოზიციასთან დაკავშირებული პრეზენტაციები წარმოადგინეს.