დღეს პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია როდის შეიქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი და მთავრობას მიმართა, ჩატარდეს პლებისციტი რეგიონალიზაციაზე.
“მინდა ვუთხრა მთავრობის წარმომადგენლებს, ნუ მიიყვანენ მთავრობისა და ოპოზიციის დამოკიდებულებას ისეთ დონეზე, როგორც ეს იყო ბოკერიას დროს. ბერძენიშვილი და მელაშვილი ბოკერიას ენით ლაპარაკობენ. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა დეპუტატებს, რომ ამ კანონისთვის ხმის მიცემა იქნება სამუდამო დამღა თითოეული მათგანის ცხოვრებაში”.
კუკავა აცხადებს, რომ აქტიურად ჩაერთვებიან კანონპროექტის განხილვაში და ამავე დროს იმედი გამოთქვა, რომ მოიძებნება ის 20 დეპუტატი, რომელსაც ჯერ კიდევ გააჩნია საღი აზრი და არ მისცემს ხმას ამ კანონს.
“ხვალიდან აქტიურად ჩავერთვებით განხილვებში. ჩვენი მიზანია ვიპოვოთ 20 პატიოსანი დეპუტატი, რომელიც ამ კანონპროექტს ასეთი სახით არ მისცემს ხმას. თუ 20 დეპუტატი წავა წინააღმდეგი, მაშინ არ ეყოლებათ უმრავლესობა და არ გავა კანონი. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს და მუნიციპალურ მოწყობას შეთანხმება და კონსოლიდაცია შეიძლება იქნეს მიღწეული, რეგიონალიზიციის ნორმაში კი ვთავაზობთ მთავრობას ჩაატაროს პლებისციტი და ამ მხრივ მაინც იქნეს გადაწყვეტილი ეს პრობლემა”.